ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალურ ბაღებში სიახლეებია, რომელსაც skolamdelebi.ge გაგაცნობთ.
ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სამი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ახალ სტანდარტებს ნერგავს, რის გამოც ადგილობრივი საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, თბილისის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები სკოლამდელი დაწესებულებების გამგეებს და უფროს აღმზრდელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს ხარისხის სტანდარტის დანერგვაზე ბაღებში, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე, მონიტორინგისა და განათლების ხარისხის შეფასების პროცედურებზე, ბავშვებისთვის მრავალმხრივ განმავითარებელი გარემოს მნიშვნელობაზე...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშო ბაგა-ბაღების ყველა ასაკობრივ ჯგუფს შეუძინა და გადასცა სათამაშოები, ჭურჭელი და რბილი ინვენტარი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისწყალის საბავშვო ბაღში, ქოუჩინგის პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სააღმზრდელო პროცესს თბილისის მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლები, თამარ საღინაძე და ნინო ჯიჯავაძე დაესწრნენ და ეზოს პროექტი დაგეგმეს. სოფელ ახალშენის საბავშვო ბაღში კი სპეციალური პედაგოგის, ლოგოპედისა და ფსიქოლოგის ინიციატივით აღსაზრდელებისთვის თოჯინების თეატრი „წითელქუდა“ წარმოადგინეს.
რუსთავის N 37 ფილიალში საგანმანათლებლო პერსონალისთვის ინკლუზიური განათლების საკითხებზე სემინარი გაიმართა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგთათვის კურიკულუმის დანერგვის ტრენინგები მიმდინარეობს, რომელიც განათლების და მეცნიერიების სამინისტროს და მასწავლებლის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მოგეხსენებათ, ხაშური შეირჩა სამიზნე მუნიციპალიტეტად, რაც გულისხმობს უწყვეტ გადამზადების პროცესს სასწავლო-სააღმზრდელო წლის განმავლობაში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღებისთვის სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები ტენდერის საშუალებით შეიძინა. აღნიშნული პროდუქცია მუნიციპალიტეტის 23 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას მთელი წლის მანძილზე ყოველთვიურად, საჭიროების მიხედვით მიეწოდება.
იხილეთ ასევე: