კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კი - 11.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 19 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერები უკვე გამოაცხადა.
კახეთში გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია, გურიაში კი - 15 მილიონ ლარამდე.
კახეთში, ერთი სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 456 232 00 ლარია. მეორე ხელშეკრულებით კი, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის 1 სოფელში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას ითვალისწინებს, დაახლოებით 3 783 740 00 ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება გურიას, აქ ერთი სატენდერო ხელშეკრულების მიხედვით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საბავშვო ბაღის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 164 986 00 ლარია. მეორე ხელშეკრულებით, რომელიც 4 საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს ჩოხატაურში, ასევე 5 164 986 00 ლარია გამოყოფილი. მესამე ხელშეკრულება კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში ითვალისწინებს საბავშვო ბაღის მშენებლობას, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 873 740 00 ლარია.
საბავშვო ბაღები აშენდება:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჩადუნიანში, ბაღდათში, არეშფერანში, გვიმრიანსა და მსხალგორში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყსა და ნანიანში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძიმითში, მთისპირში, მაკვანეთსა და ბოხვაურში.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გუთურში, გოგოლესუბანში, ზომლეთში და შუა ამაღლებაში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ღრმაღელეში, გულიანში და ნინოშვილში.
აქ ჩამოთვლილი ცხრემეტივე საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.
ქვეყნის მასშტაბით სულ გათვალისწინებულია 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
იხილეთ ასევე:
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა