იმისათვის, რომ საბავშვო ბაღმა ავტორიზაციის პროცესი გაიაროს, უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კითხვარით განსაზღვრული პირობები, - ნათქვამია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლისთვის შემუშავებულ წესში.
აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში კი ჩამოთვლილია ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები და ის პროდუქტები რომელიც გარკვეული სახის დანამატებს შეიცავს
ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპები
- ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ჯანმრთელობისათვის საჭირო ნუტრიენტების მისაღებად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით.
- ყოველდღიურ რაციონში საკმარისი რაოდენობით შეტანილი უნდა იქნეს მარცვლოვანი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ჯანმრთელობისათვის აუცილებელ საკვებ ბოჭკოს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს, ნახშირწყლებს და მინერალებს.
- ბავშვმა უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობის ხილი და ბოსტნეული ყოველდღიურად.
- ბავშვთა კვებისათვის შერჩეული უნდა იქნეს დაბალი ცხიმის შემცველობის სურსათი. მიზანშეწონილია, ნაჯერი ცხიმები ჩანაცვლებულ იქნეს უჯერი ცხიმებით.
- შერჩეული უნდა იქნეს მარილის/ნატრიუმის ნაკლები შემცველობის სურსათი. მოხმარებული უნდა იყოს მარილის შეზღუდული რაოდენობა (დღეში <1200 მგ ნატრიუმი/3 გ მარილი).
- არაგადამდებ დაავადებათა განვითარების რისკის შემცირებისა და სიმსუქნის პრევენციის მიზნით, შერჩეული უნდა იქნეს შაქრის ნაკლები შემცველობის სურსათი, მათ შორის სასმელი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სტანდარტულ მენიუში არ უნდა იქნეს შეტანილი სურსათი, მათ შორის სასმელი, რომლის ეტიკეტზეც მითითებულია შაქრის შემცვლელი ხელოვნური დამატკბობლები, როგორიცაა:
- ასპარტამი (E951);
- სახარინი (E954);
- სორბიტოლი (E420);
- აცესულფამი K (E950);
- სუკრალოზა (E955).
ასევე, სკოლამდელი ასაკის ბავშვების მენიუში დაშვებული არ არის ყავისა და შავი ჩაის შეტანა. აკრძალულია მენიუში კოფეინის შემცველი სურსათის, მათ შორის, სასმელების გამოყენება.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა კვებისათვის არ არის დასაშვები შემდეგი საკვებდანამატების შემცველი სურსათის გამოყენება:
- ნატრიუმის ბენზოატი (E211) – კონსერვანტი;
- ტარტრაზინი (E102) – საღებავი;
- ქინოლინისებრი ყვითელი (E104) – საღებავი;
- ყვითელი „მზის ჩასვლა“ (E110) – საღებავი;
- კარმუაზინი (E122) – საღებავი;
- პონსო ალისფერი 4R (E124) – საღებავი;
- წითელი ალურა AC (E129) – საღებავი.
იხილეთ ასევე:
10 დღიანი პერსპექტიული მენიუ და კერძების კარტოთეკა - რის შემუშავება ევალება საბავშო ბაღს ახალი დოკუმენტით
ბაღის აღმზრდელმა ბავშვებს, პირველ რიგში, დღის განრიგი უნდა გააცნოს - ახალი სტანდარტის დეტალები