დერმატოლოგი ზაზა თელია განმარტავს, რომელია ყველაზე ალერგიული პროდუქტები და რა ტიპის ალერგიას იწვევს თითოეული მათგანი: „კვებითი ალერგია აქტუალური თემაა, თუმცა ხშირად საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. როგორც წესი, ყველა ტიპის გამონაყარი სახეზე ალერგიასთან ასოცირდება, მათ შორის, კვებით ალერგიასთან, რაც არასწორია. კვებითმა ალერგიამ შეიძლება კანზე გარკვეული ტიპის გამონაყარი გამოიწვიოს, მაგრამ ეს არცთუ ხშირად გვხვდება.
არაქისი და თხილეული კვებით ალერგენებში ერთ-ერთ სერიოზულ პროდუქტად ითვლება. არსებობს ე.წ. დიდი ხუთეული, რომლებიც ხშირად მსგავსი ტიპის გამონაყარს იწვევს. ესენია: თხილეული, ზღვის პროდუქტი, შოკოლადი, რძის პროდუქტი, კვერცხი
მარტივად მისახვედრია, რომელ პროდუქტზე გვაქვს ალერგია, თუმცა პაციენტის სუბიექტური შეხედულება ხშირ შემთხვევაში არასწორ ინტერპრეტაციას იძლევა. მაგალითად, თუ კვებითი ალერგიის დროს კონკრეტული „დამნაშავე“ პროდუქტი გვაქვს, მან გარკვეული ტიპის პრობლემები უნდა მოგვიტანოს. ეს შეიძლება იყოს დაუყოვნებლივი, რამდენიმე წუთში ან რამდენიმე საათში, ყველაზე იშვიათად კი, რამდენიმე დღეში.
„დიდი ხუთეულია“ „დამნაშავე“ ისეთი ალერგიული დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა ურტიკარია, საზოგადოებაში ცნობილი, როგორც ჭინჭრის ციება. ალერგიული რეაქცია, როგორც წესი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება, თუმცა, არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ასე იქნება. 1-2 წლის შემდეგ შესაძლებელია პროვოკაციული ტესტის გაკეთება, რომელიც გულისხმობს, ადამიანმა მიიღოს მცირე რაოდენობით მისთვის ალერგიული საკვები და დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდეს. თუ უკურეაქცია და რეაგირება არ მოჰყვა, შემდგომ ეს რაოდენობა იზრდება“, - აღნიშნავს ზაზა თელია.