საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და მეთოდისტებს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ატარებს და 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელისა თუ მეთოდისტის სტატუსიც მოიპოვონ.
კონკურსში, რომელსაც „მწვანე ჯილდო“ ჰქვია, მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
კონკურსი, რომლის მიზანად მასწავლებლებისთვის გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაციის ამაღლება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი განაცხადების შერჩევაა, მეორე - განხორციელებული აქტივობების თუ პროექტების პრეზენტაცია.
ორივე ეტაპის შედეგების მიხედვით, სპეციალური კომისია გამოავლენს საუკეთესო ათეულს, რომელთაგან გამარჯვებულ მასწავლებელსა და აღმზრდელს ან მეთოდისტს გადაეცემა „მწვანე ჯილდო“.
კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის განცხადების გაგზავნა 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით შეგიძლიათ. კონკურსში მონაწილეობისათვის ელექტრონულად უნდა შეავსოთ განაცხადის ფორმა word-ის ფორმატში და სურვილის შემთხვევაში, დაურთოთ თქვენ მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა ერთ საქაღალდედ. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
საკონკურსო მასალები ამ ელ.ფოსტაზე, - education@eiec.gov.ge, უნდა გააგზავნოთ, სადაც, ბაღის აღმზრდელმა თუ მეთოდისტმა მეილის სათაურში (Subject-ის ველი) უნდა მიუთითოს „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების გაცნობის მიზნით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის გაიმართება ონლაინ ღია კარის დღე. გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.
სხვა დეტალები შეგიძლიათ, აქ მითითებულ ბმულზე ამოიკითხოთ: კონკურსი.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი განათლების 150 ექსპერტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - დეტალები 449
რა სახის მტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საბავშვო ბაღში - ახალი სტანდარტის მოთხოვნები