ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჰასპის (HACCP) პროგრამა ინერგება. მოგეხსენებათ, აღნიშნული პროგრამა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის მართვას გულისხმობს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 44 საბავშო ბაღია, სადაც 2 150 აღსაზრდელი ირიცხება და 324 აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწეა.
ოზურგეთში საბავშვო ბაღების თანამშრომლები, ჰასპის სტანდარტის დანერგვასთან დაკავშირებით, უკვე გადაამზადეს და სერტიფიკატებიც დაურიგეს.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ტენიანობის საზომი აპარატები და დუღილის ციფრული საზომები გასული წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინეს, რომლებიც 2023 წლის იანვრიდან ყველა საბავშვო ბაღს გადაეცა. ამჯერად კი საბავშვო ბაღებს სამზარეულოს ინვენტარი დაურიგდება.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ შესყიდული იქნა სამზარეულოს ინვენტარი, რომელიც ეტაპობრივად გადაეცემა საბავშვო ბაღებს. სამზარეულოს ინვენტარით განახლდება ყველა საბავშვო ბაღი. აღნიშნული ინვენტარის შეძენა ჰასპის პროგრამის დანერგვის მიზნით და მენეჯერთა მოთხოვნის საფუძველზე მოხდა“, - იტყობინება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.
ქვაბები, ტაფები, თეფშები, ჭიქები, ჩაიდნები, სათლები, კოვზები, დანა-ჩანგალი, პლასტმასის დაფები, კონტეინერები, ცოცხები - ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საბავშვო ბაღებს უახლოეს მომავალში დაურიგდება.
იხილეთ ასევე:
რა სახის მტკიცებულებები უნდა ინახებოდეს საბავშვო ბაღში - ახალი სტანდარტის მოთხოვნები