ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ საყვარელი ზღაპრის გმირები, სხვადასხვა მასალისგან დაამზადონ თოჯინები და გამოიყენონ ისინი ზღაპრების გათამაშების დროს, - წერია აღმზრდელის სახელმძღვანელოში, რომელიც სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებშია შექმნილი.
ზღაპრების გმირების თოჯინების დამზადება შესაძლებელია იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მასალით, რომლის მოტანა მშობლებსაც შეიძლება სთხოვოთ. ეს შეიძლება იყოს საწრუპი ჩხირები, ქაღალდის თეფშები, ძველი წინდები და ა.შ. როგორც სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, ეს აქტივობა ხელს შეუწყობს ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას.
ეს აქტივობა განავითარებს:
ნატიფ მოტორულ უნარებს - როდესაც ბავშვები იმუშავებენ სხვადასხვა მასალაზე.
პრობლემის გადაჭრის უნარს - როდესაც ბავშვებს მოუწევთ იმის გადაწყვეტა, თუ როგორ გააკეთონ სხვადასხვა ნივთი.
შემოქმედებით უნარს -როდესაც ბავშვები ფიქრობენ ამა თუ იმ თოჯინის იერსახეზე დასხვ.
აქტივობის საშემსრულებლო ნაწილი განავითარებს ბავშვების ენობრივ კომპეტენციას, აამაღლებს მათ თვითრწმენას და ხელს შეუწყობს პატარების ემოციურ ზრდას.
თოჯინური სპექტაკლის გათამაშებისთვის აღმზრდელს შეუძლია ბავშვებს დაეხმაროს თოჯინების თეატრის შექმნაში. თეატრის მოსაწყობად გამოსადეგია გრძელი ქსოვილი, რომელიც სპეციალურად გამოიჭრება ამ მიზნით. გამოჭრილი ქსოვილი დაიკიდება ერთ კუთხეში და დაემატება დეკორაციებიც. თეატრის დასამზადებლად შეიძლება ასევე მუყაოს ყუთის გამოყენება.
იხილეთ ასევე:
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად
სკოლამდელი განათლების 150 ექსპერტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - დეტალები