საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ტენდერები მარტში გამოცხადება, - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ფონდმა კომპანიებს საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცის პროგრამის ფარგლებში გამოსაცხადებელი ტენდერების შესახებ დეტალები გააცნო.
მოგეხსენებათ, პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რაც ორ ეტაპად განხორციელდება. ამისთვის, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 300 მილიონი ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 2023 წლის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია.
დავით ტაბიძე ამბობს, რომ დაიწყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რათა რამოდენიმე წლის სამუშაოების შემდეგ, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ინფრასტრუქტურული პრობლემა ამ სფეროში.
„პირველი კვარტლის ბოლოს, მარტი-აპრილის პერიოდში, ჩვენი ფონდი სამშენებლო ტენდერების გამოცხადებას დაიწყებს. 885 საბავშვო ბაღიდან 300 სრულიად ახალი აშენდება, დანარჩენი კი იქნება რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. იქაც შევეხებით სრულად რეკონსტრუქციას და მივიღებთ ახალი, თანამედროვე სტანდარტის შენობებს... მარტი-აპრილის პერიოდში დავიწყებთ 135 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის ტენდერების გამოცხადებას. შემდეგ, ეტაპობრივად გადავალთ პირველი 100 სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე და ასე, წლიდან წლამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დავფარავთ ყველა მუნიციპალიტეტს. ანუ 63 მუნიციპალიტეტი იქნება დაფარული ჩვენი მხრიდან ბაღების მშენებლობაში და ამას დაემატება, რა თქმა უნდა, დედაქალაქიც“, - ამბობს დავით ტაბიძე.
იხილეთ ასევე:
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა