დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლების 150 ექსპერტის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა - დეტალები
27.02.2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირებასთან დაკავშირებით კონკურსი გამოაცხადა.

ბრძანება, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თამარ მახარაშვილმა ხელი დღეს, 27 თებერვალს მოაწერა, ამ პოზიციისთვის 150 კადრის შერჩევას ითვალისწინებს.

ბრძანებაში დეტალურად არის გაწერილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ის ფუნქციები, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრს უნდა ჰქონდეს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა იცოდეს:

  1. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, I, III, VI, XII, XVI თავები, მუხლი 106;
  2. საქართველოს კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“;
  3. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;
  4. „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილება, I და II თავი;
  5. „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ “საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №478 დადგენილება, თავი 2;
  6. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №488 დადგენილება, თავი 1;
  7. „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილება;
  8. „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილება.

მინიმალური განათლება, რაც კონკურსში მონაწილეობის უფლებას აძლევს თითოეულ კანდიდატს, ბაკალავრია და ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

დამატებით მოთხოვნებში კი აკადემიური უმაღლესი განათლება და ასევე განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების და სპეციფიკის ცოდნაც შედის, რაც დასტურდება ბოლო 10 წლის განმავლობაში არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით შესაბამის სფეროში.

რაც შეეხება უნარებისა და პიროვნული თვისებების ქონას, ესენია: მოტივაცია, გუნდური მუშაობა, ეფექტური კომუნიკაცია, სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა, ვადებზე ორიენტირებულობა, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და კონფლიქტების მართვის უნარი.

კონკურსის ეტაპების, წარსადგენი დოკუმენტაციის თუ სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ მითითებულ ბმულზე - დრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა

საბავშვო ბაღებში პერსონალის შერჩევის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს - რას ავალდებულებს სკოლამდელ დაწესებულებებს ახალი წესი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი