დღის თემა
etaloni.ge
მუსიკა საბავშვო ბაღში - მოიწვიეთ მუსიკოსი, გამოიყენეთ მუსიკალური ინსტრუმენტი თხრობის გასახალისებლად
25.02.2023

საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შედგენილ აღმზრდელის სახელმძღვანელოს საპილოტე ვერსიის მიხედვით, საბავშვო ბაღში, პატარებს, ვოკალური შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა შესთავაზოთ სხვადასხვა სიმღერის შესრულება დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად და ეს უნდა იყოს მარტივი მელოდიების მქონე სიმღერები.

ეს შეიძლება იყოს:  სიმღერები თითების თამაშით, ჯგუფური სიმღერა, იავნანა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სიმღერები... სიმღერები, რომლებიც სრულდება სახალისო მოძრაობებთან ერთად, სიმღერები დღესასწაულების შესახებ, სიმღერების ხეულის სხვადასხვა ნაწილის რიტმული მოძრაობებით - მაგალითად, თავის, მხრების, მუხლების, ხელების და ა.შ.

შეგიძლიათ, ჩაატაროთ აქტივობა, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტული მუსიკის მოსმენას და სხვადასხვა მელოდიური და რიტმული ინსტრუმენტის აღმოჩენას შეეხება. მაგალითად, სხვადასხვა ინსტრუმენტის მიერ წარმოქმნილი ბგერების აღმოჩენა, ხელნაკეთი ინსტრუმენტების შექმნა, მშობლებისა და სხვა სტუმრების დაპატიჟება შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტების საჩვენებლად.

დაუკარით სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ააჟღერეთ სხვადასხვა ტიპის ბგერა სხვადასხვაგვარად - სწრაფად, ნელა, ხმამაღლა, ხმადაბლა...

მნიშვნელოვანია, მარტივი მელოდიებისა და რიტმის გამეორება, რიტმული ჯოხების ან ხის კუბურების გამოყენებით მკვეთრი რიტმის მქონე მუსიკის აყოლა, მაგალითად, მარშირებისას ან სამბას ცეკვისას. მუსიკალური ინსტრუმენტის გამოყენება თხრობის გასახალისებლად  - ზარის დარეკვა კარის ზარის ან მატარებლის საყვირის ხმით და სხვა.

შეგიძლიათ ასევე ხმების, მელოდიების ან სიმღერების მოსმენა, იმიტირება და იმპროვიზაცია - გარემოში არსებული ბგერებისა და ხმების, მაგალითად, კარის ჭრაჭუნის, კარის ზარის, ქარის სტვენის იმიტირება საკუთარი ხმით ან მუსიკალური ინსტრუმენტებით. კარგი იქნება პირადი გამოცდილების შესახებ სიმღერების შექმნა ან ნაცნობ მელოდიებზე ახალი სიტყვების მოფიქრებაც.

აქტივობათა კრებულში, რომელიც ასევე განათლების სამინისტრომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა მოამზადა, გაწერილია ის აქტივობები, რაც შეგიძლიათ, საბავშვო ბაღის ჯგუფში განახორციელოთ.

შეხვედრა მუსიკოსთან

მოვიწვიეთ ჯგუფში მუსიკოსი, რომელიც თან მოიტანს თავის  ინსტრუმენტს - ვიოლინოს, ჩელოს, გიტარას, ჩონგურს ან სხვას.

ამ შეხვედრისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. სასურველია, რომ მოწვეული სტუმარი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ან ოჯახის სხვა წევრი იყოს. თუ  აღმოჩნდება, რომ ბავშვების ოჯახების წევრებს შორის მუსიკოსები არ არიან, მაშინ შეიძლება მოიწვიოთ მუსიკალური სკოლის უფროსი კლასის მოსწავლე, რომელიმე ანსამბლის წევრი, კონსერვატორიის სტუდენტი...

სტუმარს წინასწარ უნდა უთხრათ, რომ ბავშვებთან შეხვედრა არ უნდა  იქცეს, უბრალოდ, მოწვეული სტუმრის კონცერტად. ეს უნდა იყოს ცოცხალი, ინტერაქტიული ურთიერთობა. სტუმარს  წინასწარ უნდა  მოუყვეთ ისიც, რომ, მაგალითად, ბავშვებს აქვთ საკუთარი ხელით გაკეთებული „მუსიკალური ინსტრუმენტები“ და ცდილობენ ანსამბლის შექმნას.

სთხოვეთ სტუმარს, რომ მოსვლამდე მოიფიქროს, რას გააკეთებს ბავშვებთან ერთად. მაგალითად, უჩვენოს ბავშვებს საკუთარი ინსტრუმენტი, ჩაატაროს სახალისო გაკვეთილი, ჩაერთოს ბავშვების  ანსამბლში...

იხილეთ ასევე:

მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს სხვადასხვა ცეკვის ილეთეები და ინსტრუმენტზე დაკვრა

საბავშვო ბაღის მუსიკის პედაგოგებს ქართული სიმღერა-თამაშები ამერიკული მეთოდით შეასწავლეს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი