დღის თემა
etaloni.ge
აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას
24.02.2023

აუტიზმის დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია და ბავშვების დიდი ნაწილის შემთხვევაში ეს საკმაოდ გვიანაც ხდება, თუმცა გარკვეული ნიშნები შესაძლებელია საკმაოდ ადრეულ ასაკშიც გამოჩნდეს.

„წლამდე ასაკის ბავშვებში არსებობს გარკვეული ნიშნები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. 6 თვის მერე თუ ბავშვი არ ღუღუნებს, არ მოძრაობს რითმულად და ასევე არ აქვს მშობლებთან თვალით კონტაქტი, შეგვიძლია ეს აუტიზმის ადრეულ ნიშნებად მივიჩიოთ“, - ამბობენ პედიატრი ძმები, დავით და კოტე ჩახუნაშვილები და დიაგნოზის დასმის  ერთ-ერთი მთავარი მიზეზად, იმას მიიჩნევენ, რომ შესაბამის სპეციალისტთან თავის დროზე არ ხდება გადამისამართება.

„18-დან 24 თვემდე გამოვლინდება ძირითადად ყველა ნიშანი, რაც აუტიზმს ახასიათებს და ამ პერიოდში ხდება დიაგნოსტირება, თუმცა 18 თვემდე, შესაძლებელია, გარკვეული ნიშნები დავინახოთ. მაგალითად, თუ ჟესტებით კომუნიკაცია არ აქვს, ანუ არ მიუთითებს გარკვეულ საგნებზე, თუ სახელზე არ რეაგირებს ბავშვი და ასევე, რასაც ჩვენ ვეძახით მოჩვენებით თამაშს, ის არ აქვს. მაგალითად, ჩაის ასმევს თავის სათამაშოს ან წარმოდგენით თამაშობს ვიღაცასთან და ა.შ. არის ასევე ექოლალია ანუ განმეორებითი მოძრაობები, ადაპტირების უნარი არ აქვს კარგად...

„გამოცდილ სპეციალისტს, როგორც წესი, 24 თვის ასაკში უკვე შეუძლია დიაგნოზის დასმა. მიზანშეწონილია, M-CHAT კითხვარის გამოყენება სასკრინინგოდ 18 და 24 თვის ასაკში. არასასურველი შედეგი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად აუტიზმის დიაგნოზი დაისმება, არამედ იმას, რომ საჭიროა სპეციალისტის მიერ ბავშვის შეფასება. ახალი კვლევებით, საკმაოდ ბევრია ისეთი აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანი, რომელთა ინტელექტუალური განვითარება ნორმაშია, რაც ასევე ართულებს დიაგნოსტირებას“, - ამბობენ ექიმი ძმები, რომლებიც იმ ნიშნებს გვიზიარებენ, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ.

საყურადღებო ნიშნები 1 წლამდე:

  • არ აღინიშნება რითმული მოძრაობები
  • არ ტიტინებს
  • თვალით კონტაქტს არ ამყარებს

საყურადღებო ნიშნები 1 წლის ზემოთ:

  • სახელზე არ აქვს რეაგირება
  • ჟესტებით კომუნიკაცია არ შეუძლია (14 თვე)
  • მოჩვენებითი თამაშით არ კავდება (18 თვე)
  • თვალის კონტაქტის არიდება, მარტო ყოფნის სურვილი
  • ექოლალია - სიტყვებისა და ფრაზების გამეორება
  • ობსესიური ინტერესი
  • ცვლილებისადმი ადაპტირების სირთულე - პატარა ცვლილებაზეც გაბრაზება/წყენა
  • კითხვაზე არაადექვატური პასუხები
  • თავის გრძნობებზე არ ლაპარაკობს
  • სხვისი გრძნობების გაგება უჭირს
  • წრეზე მოძრაობა, ტანით წინ და უკან მოძრაობა, ხელების ქნევა
  • უცნაური რეაქცია ხმაზე, სუნზე, გემოზე და ა.შ.
  • სოციალურ უნარებში ჩამორჩენა
  • მეტყველების ჩამორჩენა
  • ძალიან ხშირი ტანტრუმები, რომელიც არ უმჯობესდება ასაკთან ერთად ან მიდის არატიპიურად.

იხილეთ ასევე:

როგორ უნდა ვითარდებოდეს 1 წლამდე ბავშვი - უნარები, რომლებსაც მშობლები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ

მარი მალაზონია: თუ ბავშვი ავად არის, არ აჭამოთ გოგლი-მოგლი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი