მთავრობის მიერ ახლახან დამტკიცებული ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის შესაბამისად, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა პერსონალის მართვასა და განვითარებას გულისხმობს.
იმისათვის, რომ დაწესებულებამ გაიაროს ავტორიზაცია, მისი ორგანიზაციული მოწყობა და პერსონალის კვალიფიკაციამ უნდა უზრუნველყოს დასახული მიზნების მიღწევა, რისთვისაც აუცილებელია:
დაწესებულება ვალდებულია, შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელშიც აღწერილი იქნება სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციები.
დაწესებულებაში უნდა მოქმედებდეს პერსონალის მართვის მექანიზმი, რომელიც უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესების, მათ შორის შინაგანაწესის, შესაბამისად.
საგანმანათლებლო პერსონალთან გაფორმებული ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს სამუშაო დროის განმავლობაში ჯგუფთან საკონტაქტო და არასაკონტაქტო საათებს და მათ ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობებს.
პერსონალის შერჩევის/დანიშვნის პროცედურები უნდა ჩატარდეს პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.
დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ახალი თანამშრომლების ინტეგრაცია სამუშაო გარემოსთან.
დაწესებულებაში მოქმედი ორგანიზაციული კულტურა უნდა ეფუძნებოდეს თანამშრომლობითი და გუნდური მუშაობის პრინციპებს.
დაწესებულებაში უნდა ჰქონდეთ პერსონალის მართვის მარეგულირებელი დოკუმენტი, შრომითი ხელშეკრულებები, დანიშვნის აქტები, პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია, შინაგანაწესი და პერსონალის პირადი საქმეები.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ უნდა იზრუნოს პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე. ამ მიზნით, უნდა აწარმოოს პერსონალის საქმიანობის შეფასება და საჭიროებათა მოკვლევა. პერსონალის განვითარება კი უნდა განხორციელდეს დაწესებულების მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად შემუშავებული გეგმის მიხედვით.
დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, ჰქონდეს პერსონალის განვითარებასთან დაკავშირებული მასალები/აქტივობები და ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - პროფესიული განვითარების გეგმა.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით