დღის თემა
etaloni.ge
ბაღის აღმზრდელებისთვის სახელმძღვანელოები შეიძინეს, მამებისთვის ახალი პროექტები მომზადდა - სკოლამდელი დაწესებულებების სიახლეები
23.02.2023

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიახლეებია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხადასხვა აქტივობა და პროექტი ხორციელდება.

ჩვენ მოგიყვებით, რომელ რეგიონში რა სიახლეა საბავშო ბაღებთან დაკავშირებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა საბავშვო ბაღების ჯგუფებისათვის მეთოდური სახელმძღვანელოები შეიძინა - „ადრეული განათლების კურიკულუმი თამაშის“ I და II ნაწილი, „ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და „ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი“.

„აღნიშნული სახელმძღვანელოები ხელს შეუწყობს სკოლამდელ დაწესებულებებში ხარისხიან ადრეულ განათლებას“, - აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, ტენდერის შედეგად, ბაღებისთვის სანიტარულ-ჰიგიენური  საშუალებები შეიძინა.

„აღნიშნული პროდუქცია ოცდასამივე საბავშვო ბაღს მთელი წლის მანძილზე ყოველთვიურად, საჭიროების მიხედვით მიეწოდება“, - გვამცნობს წყალტუბოს საბავშვო ბაღების გაერთიანება, რომელიც ტენდერის მიხედვით, ჭურჭლის სარეცხი საშუალებებ, თხევად საპონში,  ხელის საპონში, ქლორში, საჭმლის სოდაში, სარეცხის საპონში, საწმენდ კრემსა და სითხეში მთელი წლის განმავლობაში 20 920 ლარს დახარჯავს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ქალაქის მმართველები სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორს საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მერს საბავშვო ბაგა - ბაღებში არსებული პრობლემების შესახებ უამბეს და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს. მოგეხსენებათ, გურჯაანში ცოტა ხნის წინ ისევ აქტიური იყო შეკითხვა - ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?

„მარტიდან უკვე ეტაპობრივად შევძლებთ  გარკვეული ბაღების რეაბილიტაციის დაწყებას“,- განაცხადა შეხვედრაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა.

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში საბავშვო ბაღების გაერთიანების მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი პერმანენტულად კვების, სანიტარია-ჰიგიენის მიმართულებით ამოწმებს სამზარეულო ბლოკს, საკვები პროდუქტების საწყობებს, საკვების მომზადების პროცესს, სააღმზრდელო ჯგუფებში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ასევე საქმის წარმოების დოკუმენტაციას.

„მონიტორინგის  წევრები  სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ულუფის გაცემის პროცესს დააკვირდნენ... მონიტორინგის უწყვეტი პროცესი მიზნად ისახავს ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - იტყობინება ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება.

ხაშურის მეორე საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მამებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს მამების განსაკუთრებული როლი ბავშვის აღზრდის პროცესში, განსაკუთრებით  სკოლამდელ ასაკში და ისაუბრეს უკვე დაგეგმილი პროექტებზე, რომელიც მამების კიდევ უფრო მეტ ჩართულობას გულისხმობს სააღმზრდელო პროცესებში და მამებისგან მიიღეს სრული მხარდაჭერა.

„გაჟღერდა ძალიან ბევრი საინტერესო ახალი წინადადებები და ინიციატივები, სწორედ მამების მხრიდან. დაიგეგმა მორიგი შეხვედრა. ბაღის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის მამებს, რომლებმაც მიიღეთ ჩვენი გამოწვევა და გამოთქვით მზადყოფნა ჩვენს დასახმარებლად“, - ვკითხულობთ ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება სამუშაო შეხვედრებს მართავს გაერთიანების  ფსიქოლოგებთან, ლოგოპედებთან, სპეცპედაგოგებთან და ინდივიდუალურ ასისტენტებთან.

„გაერთიანების ხელმძღვანელობის აქტიური ჩართულობით, სამუშაო შეხვედრები ბაგა-ბაღების ფილიალების სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან სისტემატიურ რეჟიმში იმართება“, - გვამცნობს რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება.

იხილეთ ასევე:

სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა

მეთოდოლოგიური მასალები, სახელმძღვანელო დოკუმენტები, სტანდარტების გზამკვლევი - რა გადაეცემათ საბავშვო ბაღებს მიმდინარე წელს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი