მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესისთვის მზადება დაიწყო და ახალი სტანდარტებიც შემუშავდა, რომლის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, სკოლამდელი დაწესებულება საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს.
ახალი სტანდარტის მიხედვით, რომელიც ახლახან დამტკიცდა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება განთავსებული უნდა იყოს პირველ და მეორე სართულზე. მესამე სართულზე შესაძლებელია განთავსდეს მხოლოდ სასკოლო მზაობის ჯგუფი, ადმინისტრაციული სამყოფები, სარეკრეაციო სივრცეები და შიდა ან გარე სივრცე ფიზიკური აქტივობებისთვის.
მე-3 სართულზე სასკოლო მზაობის ჯგუფი შეიძლება განთავსდეს მხოლოდ იმ პირობით, თუ სართულზე განთავსებული იქნება სანიტარიული კვანძი ბავშვებისთვის და სართულის კიბის უჯრედს კიბის დასაწყისში უნდა ექნება დამცავი ბარიერი.
დაწესებულებაში, შიდა და გარე ტერიტორიაზე, განთავსებული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო სივრცეები: ჯგუფური ოთახი, საძინებელი ოთახი/მოსასვენებელი სივრცე, გასახდელი სივრცე, სანიტარიული კვანძი ბავშვებისთვის, ადმინისტრაციული სამყოფები, მათ შორის სივრცე თანამშრომლობითი საქმიანობისთვის, დახურული სივრცე სენსო-მოტორული აქტივობებისთვის-დარბაზი, სამედიცინო მომსახურების სივრცე, სანიტარიული კვანძი პერსონალისთვის, კვების ბლოკი, სამეურნეო ზონა.
ყველა ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური ჯგუფური ოთახით ან კურიკულუმის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე – საერთო სივრცით. საერთო სივრცის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვზე არანაკლებ 2 კვადრატი.
ადრეული ასაკის ბავშვების ჯგუფური ოთახები პირველ სართულზე უნდა იქნეს განთავსებული.
იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება განთავსებულია შენობაში, რომელიც პარალელურად გამოიყენება სხვა მიზნებისთვის, დაწესებულების პროგრამებში ჩართული ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური, იზოლირებული შესასვლელი შენობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდება ხორციელდება შენობაში, სადაც ამავდროულად ხდება სხვა ტიპის მომსახურების მიწოდება სხვა ასაკის ბავშვებისთვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფური ოთახები განთავსებული უნდა იყოს პირველ სართულზე.
ადრეული და სკოლამდელი განათლების პირველი წლის ჯგუფებში საძინებელი უნდა განთავსდეს იმავე სართულზე, სადაც ჯგუფური ოთახებია.
ადრეული ასაკის, 2 წლამდე ჯგუფის ბავშვებისთვის დაწესებულებაში გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სივრცე მეძუძური დედების მიერ ბავშვების კვებისა და მოვლის უზრუნველსაყოფად.
დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სივრცის მოწყობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
დაწესებულებაში უნდა არსებობდეს პანდუსი ან ლიფტი, ბაქან ლიფტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
დახურული სივრცე სენსო-მოტორული აქტივობებისთვის, დარბაზი, შესაძლებელია განთავსებული იყოს ნახევრადსარდაფში იმ პირობით, რომ აღნიშნული სივრცე უზრუნველყოფილი იქნება გათბობის სისტემით და ბუნებრივი განათება-განიავების პირველადი წყაროთი.
ბავშვების სანიტარიული კვანძები აღჭურვილი უნდა იყოს საბავშვო ზომის ხელსაბანებითა და უნიტაზებით.
ბიჭებისთვის განკუთვნილ სანიტარიულ კვანძში შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს საბავშვო ზომის პისუარები.
დაწესებულებაში მოქმედ სანიტარიულ კვანძებში, პრივატულობის დაცვის მიზნით, განთავსებული უნდა იყოს ტუალეტის კაბინები, რომელთა მოწყობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნას:
დაწესებულების სანიტარიული კვანძი მოწყობილ უნდა იქნეს შემდეგი გაანგარიშებით:
დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული უნდა იყოს არანაკლებ 1 ადაპტირებული სანიტარიული კვანძი/კაბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და არანაკლებ 1 ადაპტირებული სანიტარიული კვანძი/კაბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ზრდასრული პირებისთვის. შესაძლებელია, აღნიშნული კაბინები განთავსდეს ერთ სივრცეში იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება პრივატულობის დაცვა და უნიტაზები გამიჯნული იქნება ერთმანეთისგან კაბინებით.
დაწესებულებაში სანიტარიული კვანძის და სამრეცხაოს (არსებობის შემთხვევაში) ფანჯრები არ უნდა იყოს განთავსებული ჯგუფური ოთახის და საძინებელი ოთახის ფანჯრების ქვეშ.
დაწესებულების შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცენტრალური გათბობის სისტემით. მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებისთვის (არა უმეტეს 2 ჯგუფი/60 ბავშვი) გათბობის წყაროდ, ასევე დასაშვებია, გამოყენებულ იქნეს დახურულზედაპირიანი ელექტროგამათბობელი.
დაწესებულების შიდა სივრცეები აღჭურვილი უნდა იყოს ვიზუალური მინიშნებებით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის სივრცეში მარტივ ორიენტაციას.
დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა იყოს გამოყენებული აზბესტის შემცველი მასალა.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდა
საბავშვო ბაღებისთვის ტრენინგი ჩატარდა - როგორ უნდა მოიქცეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში