„აღმზრდელმა ისე უყვირა ჩემს შვილიშვილს, ბავშვს ბაღში წასვლა აღარ უნდა“, - ამბობს ფოთის მე-6 საჯარო ბაღის აღმზრდელი, მარიტა ჯიქია skolamdelebi.ge-სთან.
მარიტა გვიყვება, რომ მისი შვილიშვილი თბილისში, თემქაზე მდებარე საბავშვო ბაღში პირველად წავიდა. იმავე დღეს კი ბავშვი სახლში დათრგუნული და შეშინებული წამოიყვანეს.
მარიტა ჯიქია: ბავშვი პირველად წავიდა საბავშვო ბაღში. არც უტირია და არც უნერვიულია, პირიქით, გახარებული შევიდა ჯგუფში. ამბობდა, ბევრ მეგობარს შევიძენ და ბევრ ლექსებს ვისწავლიო. ბავშვებთან ითამაშა კიდეც... ცოტა ხნის შემდეგ კი დედამისს დაურეკეს ბაღიდან, წაიყვანეთ, ვერ ვაჩერებთ, ტირისო. ბავშვს რომ ვკითხეთ მიზეზი, გვიპასუხა, ბავშვები ტიროდნენ და მასწავლებელმა იმხელაზე დაიყვირა, შემეშინდა, მეც ავტირდი და მეც მიყვირაო. მეც აღმზრდელი ვარ და თუ მასწავლებელს ნებისყოფა არ გააჩნია, არ იცის ბავშვებთან ურთიერთობა, ასეთ მასწავლებელს რა უნდა ბავშვებთან?!
- როგორც აღმზრდელი, თქვენ როგორ იქცევით მსგავს სიტუაციაში, როდესაც ბავშვები ტირიან?
- რა თქმა უნდა, ჩემთანაც ტიროდნენ ბავშვები. არასოდეს დამირეკავს მშობლისთვის, ვერ ვაჩერებ და წაიყვანე სახლში-მეთქი. მასწავლებელმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუყვიროს პატარას. სათამაშოები, სახატავები უნდა მისცეს, ათამაშოს, დაახატინოს, დარბაზში გაიყვანოს ბავშვები და აცეკვოს... სწორედ ასე ვიქცევი მსგავს სიტუაციაში - ვათამაშებ, ვახატინებ, მუსიკას ვურთავ და ვცეკვავთ. ამის მერე ბავშვები ტირიან კი არა, სახლში წასვლა აღარ უნდათ და მეუბნებიან, შენთან გვინდა, მასწავლებელოო. მშობლები მუდმივად მადლობას მიხდიან.
- თქვენი შვილიშვილი აღარ დადის ბაღში?
- აღარ მიდის და ამბობს, მასწავლებლის მეშინიაო. რამდენჯერაც მიიყვანეს, იმდენჯერ ურეკავდნენ ჩემს გოგოს, წაიყვანე არ ჩერდებაო. უხაროდა ბაღში წასვლა, მაგრამ ახლა ბაღს რომ უხსენებ, ტირის და ისტერიკაში ვარდება. არადა, ბავშვებს უყვართ, როცა თავს მოგადებენ და თავის დამცველად მიგიჩნევენ. ძალიან ინტერესიანი ბავშვია ჩემი შვილიშვილი, გაბრიელი. რამეს რომ ვუყვები, მეუბნება, ბებო, არ შეწყვიტო, კიდევ ისაუბრეო. ბაღში ბავშვებს ვუყვები ცხოველებზე, ბუნებაზე, ადამიანების ურთიერთობებზე... რომელიმე თემას რომ გავშლით, მერე კითხვებს ვსვამ და პასუხს რომ სწორად გასცემენ, ძალიან უხარიათ ბავშვებს.
- ბავშვის დედამ არ გააპროტესტა ეს ამბავი? თუ მივიდა ბაღის დირექციის ყურამდე?
- არა და ახლა შეგნებულად არც აღმზრდელის სახელს დავასახელებ. 2014 წელს დავიწყე მუშაობა საბავშვო ბაღში და ამ დრომდე ერთხელაც არ დამიყვირია ბავშვისთვის. მშვიდად ვუხსნი, რომ ეს კარგი საქციელი არ არის და მე ძალიან მტკენს გულს. ბავშვები ბაგაში რომ მოჰყავთ, ყველა ტირის, არცერთს უნდა ბაღში, მაგრამ მერე ყველა წყვიტს ტირილს და მშობლები მეუბნებიან, რას უკეთებ ბავშვებს, სახლში წამოსვლა რომ არ უნდათო. ამის მიღწევა უნდა შეგეძლოს აღმზრდელს! უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ზოგიერთი მშობელსაც აკლია აღზრდა. ბავშვი რომ გაჰყავს საბავშვო ბაღიდან, ეკითხება, რა ჭამა. ჰკითხე - რა იმეცადინე, რა გააკეთე, რა მოგეწონა... ბავშვმაც შეიძლება ბევრი რამ მოიმიზეზოს ბაღში რომ არ წამოვიდეს, ურჩევნია სახლში ჯდომა და ტელეფონით თამაში, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ, სასურველი გარემო დავახვედროთ საბავშვო ბაღში და არ შევაძულოთ იქ მისვლა.
იხილეთ ასევე: