თუ ერთ-ერთი მშობელი უმუშევარია, ოჯახს უფლება არ აქვს ბავშვი ბაღში შეიყვანოს - საინტერესო ფაქტები შვედეთის სააღმზრდელო დაწესებულებებზე
შვედეთის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე ასწავლიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ნივთების ან საკვების აღება, მასწავლებელს კი უფლება არ აქვს აღსაზრდელს რაიმეზე მკაცრად მიუთითოს ან უბრძანოს. იხილეთ, საინტერესო ფაქტები, თუ როგორ ზრდიან პატარებს შვედეთის სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კონსტიტუციის თანახმად, შვედეთში განათლება უფასოა, მაგრამ საბავშვო ბაღები გამონაკლისს წარმოადგენს.
შვედეთში მუნიციპალური და კერძო ბაღები ფუნქციონირებს, მაგრამ საბავშვო ბაღი, მოსამზადებელ კლასამდე ფასიანია. შესაბამისად სკოლამდელი განათლება ორ ეტაპად იყოფა: 1-დან 5-წლამდე და მოსამზადებელი ანუ „ნულოვანი“ კლასი. აღსანიშნავია, რომ შვედეთის ბაღებში გადასახადი დამოკიდებულია ოჯახის საერთო შემოსავალზე და შვილების რაოდენობაზე.
ამასთან, შვედეთში ორი საინტერესო წესი მოქმედებს:
- თუ მშობლებიდან რომელიმე უმუშევარია, ოჯახს უფლება არ აქვს საბავშვო ბაღის მომსახურებით ისარგებლოს - აკრძალვა კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც ეხება.
- სავალდებულოა, შესაბამისად უფასო, რომ ბავშვმა სოციალიზაციისთვის კვირაში 15 საათი ბაღში გაატაროს.
ამინდის მიუხედავად, ბავშვი 5 საათი სუფთა ჰაერზე უნდა იყოს
შვედმა ბავშვებმა 4-5-საათი სუფთა ჰაერზე უნდა გაატარონ. მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ბაღს სათამაშო მოედანი, ჯგუფი (ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა 8-დან 20-მდე მერყეობს) კვირაში ორ-სამჯერ სალაშქროდ მიდის. ასეთ დროს ბავშვები მიდიან მუნიციპალურ სათამაშო მოედანზე, ტყეში ან ნებისმიერ საზოგადოებრივ სკვერში.
აღსანიშნავია, რომ სასეირნოდ მიჰყავთ, ისინიც ვინც ჯერ სიარულიც არ იცის. ამასთან, წვიმა, თოვლი, ყინვა და სიცხე - ვერ შეაფერხებს სუფთა ჰაერზე სეირნობას.
ტოლერანტობა ადრეული ასაკიდან
შვედეთში სკოლამდელი განათლება პიროვნების პატივისცემის, თავისუფლებისა და შემწყნარებლობის სწავლებაზე დგას. მიუღებელია გენდერული სტერეოტიპები. შვედი მასწავლებლისგან ვერ მოისმენთ ფრაზას „ბიჭები არ ტირიან“ ან „თოჯინებით რატომ არ თამაშობ, შენ ხომ გოგო ხარ!“.
ასევე მიუღებელია შვედეთის ბაღებში ბავშვებისთვის რაიმეს დაძალება, მაგალითად, თუ ბავშვს არ უნდა დაძინება მაშინ მას წიგნებს უკითხავენ ან რაიმე სხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.
ბაღი ბავშვს მოქალაქეობრივი კულტურის საფუძვლებს ასწავლის:
- არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვისი ნივთებისა და საკვების აღება;
- თამაშისა და ხატვის შემდეგ აუციელებლია ალაგება;
- საჭიროა სხვისი საჭიროებების გათვალისწინება;
- მნიშვნელოვანია უცნობებთან კომუნიკაციის ცოდნა და სასიამოვნო საუბარი.
- მიღებულია სამი წლიდან დანა-ჩანგლის გამოყენების სწავლება.