საქართველოს მთავრობამ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. დადგენილებას ხელი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 თებერვალს მოაწერა.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა უფლებების რეალიზება ხარისხიანი სოციალური სერვისის მიწოდების, ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის გზით.
დადგენილების მიხედვით, ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირებას, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროგრამის მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.
ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება გულისხმობს ბავშვის ბაგა-ბაღში შეყვანამდე 6 თვით ადრე ტრანზიციის პროცესის დაწყებას. ასევე, - ბავშვის ბაგა-ბაღში სრულფასოვანი ჩართულობის და ინკლუზიის მხარდაჭერას სპეციალისტის ადგილზე ვიზიტების, ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შესახებ აღმზრდელების ინფორმირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობასა და ბავშვის ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობით, საჭიროების შემთხვევაში ბაღის პერსონალსა და მშობლებს თუ მისი კანონიერ წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის ფასილიტაციას.
სახელმწიფო ბავშვსა და ოჯახს მხარს დაუჭერს, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვა ალტერნატიულ სერვისში სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ითვალისწინებს მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიუხედავად ამისა, ბენეფიციარი არ არის ჩართული სასწავლო პროცესში.
მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა კი ითვალისწინებს მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ყოველდღიურ ზრუნვას და შესაძლებლობის გათვალისწინებით, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას, ასევე, შესაბამისი უნარების განვითარებას.
სხვა დეტალები შეგიძლიათ იხილოთ დადგენილებაში აქ მითითებულ ბმულზე.
იხილეთ ასევე:
პარლამენტი სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების ახალ მოდელს განიხილავს