განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგულარულ კონტროლს განახორციელებს, - ამის შესახებ ამავე კომიტეტის მიერ დამტკიცებულ 2023 წლის სამოქმედო გეგმაში წერია.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მიმდინარეობს ასევე სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსების ახალი მოდელების ჩამოყალიბების შესაძლებლობების კვლევა.
გეგმის მიხედვით, რეგულარულად განხორციელდება ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესისთვის საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება-შესრულებისა და ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ თემატური მოკვლევის ფარგლებში, კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
პარლამენტის კომიტეტის მიერ მომზადებული კვლევა ადრეულ და სკოლამდელ განათლებას, ზოგად განათლებას, უმაღლეს განათლებას, პროფესიულ და ზრდასრულთა განათლებასა და ასევე, სახელმწიფო ენის პოლიტიკას მოიცავს.
ადრეულ და სკოლამდელი განათლებასთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღების დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი და კვალიფიკაცია კვლავ გამოწვევად რჩება.
„მთლიანობაში, ბოლო ათი წლის განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობათა თემებისთვის ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება დაიწყო. ეს მუნიციპალიტეტების მიერ ახალი დაწესებულებების შექმნამ და არსებულთა ხარისხის გაუმჯობესება განაპირობა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება დაწესებულებათა არასაკმარისი რაოდენობა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული განათლება, პედაგოგიური რესურსი თუ კვალიფიკაცია და მიმდინარე პროცესებზე ადგილობრივი თემების ინფორმირებულობის საკითხები. ეთნიკური უმცირესობების მოსახლეობას კარგად აქვს გათავისებული ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ბავშვის სასკოლო მზაობისა და წარმატებისათვის ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე. ამასთან, მაღალია მიმღებლობა ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე სახელმწიფო ენის გააქტიურებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ თემატურ კვლევაში.
იხილეთ ასევე:
აღრიცხულია 1705 საჯარო და 240 კერძო საბავშვო ბაღი - რეგისტრაციის შედეგები გამოქვეყნდა