ბავშვის მეტყველება და ზოგადად ფსიქიკა უფრო სწრაფად ვითარდება, როდესაც აღმზრდელი ბავშვს უქმნის სამეტყველო ქცევის გამოვლენის პირობებს, - ნათქვამია საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოში.
ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვის მეტყველების გასავითარებლად აღმზრდელმა უნდა მიმართოს იმიტაციის, საუბრის, გამეორებისა და თხრობის მეთოდებს.
იმიტაციის მეთოდი
იმიტაციის მეთოდის გამოყენებისას, აღმზრდელი უფროსი ნელა და მკაფიოდ უნდა ესაუბროს ბავშვს, მან კი გაიმეოროს, მიბაძოს არტიკულაციას, დააკავშიროს სიტყვა რეალურ საგანთან, მოქმედებასთან. ამიტომაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ აღმზრდელმა მკაფიოდ გამოთქვას ბგერები, არ „მოიჩლიქოს ენა“ და არ მიბაძოს ბავშვის მეტყველებას. ამ მეთოდს აღმზრდელები/მშობლები ძალზედ ადრეული ასაკიდან იყენებენ. მისი გამოყენების საუკეთესო საშუალება თამაშია. თამაშის დროს ბავშვები სათამაშოებით სხვადასხვა მანიპულაციას ახდენენ: აგორებენ, ერთმანეთს აჩვენებენ, მათ ფუნქციებს იკვლევენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს აღმზრდელი ესაუბროს ბავშვს, დაუსვას შეკითხვები: „როგორი ბურთია? რა ფერია? დიდია?“. ბავშვი ამ დროს პასუხობს აღმზრდელს, ავლენს თავის ცოდნას. შესაძლოა, უფროსმა თვითონ უპასუხოს თავისსავე შეკითხვას: „ნახე, როგორი ლურჯი ფერის ბურთია, მრგვალია!“ აუცილებელია თამაშისას ბავშვების და საკუთარი მოქმედებების გახმოვანება: „მე წითელი კუბიკი დავდე, შენც წითელი კუბიკი დადე. გიომ მანქანა შემოაგორა“. კუბებით და კონსტრუქტორით თამაშისას მნიშვნელოვანია, უფროსმა დაასახელოს დეტალები, რომლითაც ხდება მაგალითად, „სახლის აგება“. „მოდი, ახლა აივანი გავუკეთოთ, სახურავიც ხომ აუცილებელია?“ ამ გზით მდიდრდება ბავშვის ლექსიკა.
ბავშვის მეტყველების განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს სიუჟეტურ-როლური თამაში ქმნის. თამაშში ბავშვი იმეორებს იმ სიტუაციას, რომელიც მას უნახავს ან უფროსებისგან სმენია. ამ დროს ბავშვი ცდილობს, ზუსტად გაიმეოროს უფროსების მეტყველება. აღმზრდელი აქაც თამაშის წარმმართველის როლშია. მაგალითად, ბავშვები თამაშობენ სტუმრების მოსვლის სცენას. თან მაგიდაზე სხვადასხვა ნივთს აწყობენ. აღმზრდელმა უნდა უთხრას: „ვინ გესტუმრათ? რით უმასპინძლდებით სტუმრებს?“ აღმზრდელი მაგალითს აძლევს და წაახალისებს ბავშვებს, რომ გათამაშებული სიტუაცია სიტყვებით გამოხატონ.
მნიშვნელოვანია თამაშის დროს სხვადასხვა სათვლულის გამოყენება. მათ პატარები ჯერ უფროსთან ერთად, ხოლო თანდათან თამაშის დროს დამოუკიდებლად მიმართავენ. იმიტაციის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში უფროსი და ბავშვი ერთსა და იმავეს ამბობენ. ჯერ აღმზრდელი აძლევს მაგალითს, თუ რა და როგორ უნდა თქვას ბავშვმა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ აიძულებს გაიმეოროს მისი ნათქვამი. 2-3 წლის ასაკის ბავშვის ბუნებიდან გამომდინარე, ის თვითონ დიდი სიამოვნებით გაიმეორებს უფროსის ტექსტს.
საუბრის, კითხვა-პასუხის მეთოდი
საუბრის მეთოდს კითხვა-პასუხის მეთოდითაც მოიხსენიებენ. ამ დროს აღმზრდელმა უნდა დასვას შეკითხვები და უბიძგოს ბავშვს, რომ გაიხსენოს და წარმოთქვას მისთვის ნაცნობი საგნების სახელები, გაივარჯიშოს არტიკულაცია, გამოიყენოს სწორი გრამატიკული ფორმები. მაგალითად, მასწავლებელი ავარჯიშებს 3 წლიანებს ჟ-ს და ზ-ს სწორ გამოთქმაში. ამისათვის ეკითხება - „როგორ ბზუის ფუტკარი?“ „როგორ ბზუის ხოჭო?” ,,ბზზზ- ჟჟჟჟ...“ - წარმოთქვამენ ბავშვები. შესაძლოა, როლური თამაშიც შესთავაზოს:
„ნატუკა და დათო, თქვენ ფუტკრები ხართ და ანასა და გიორგისკენ მიფრინავთ. აბა, როგორ შეატყობინებთ, რომ მიფრინდით მათთან?“
კითხვების დასმის მეთოდით აღმზრდელმა უნდა განუვითაროს პატარებს რეალური ობიექტების დასახელების, მათ თვისებებზე ყურადღების გამახვილების უნარი და აქაც დიალოგის – კითხვა-პასუხის მეთოდი გამოიყენოს. რეალურ საგნებად ნახატების გამოყენებაც შეუძლია. მაგალითად, „ბავშვებო, ნახეთ, მე ხილისა და ბოსტნეულის სურათები მაქვს, მოდით ხილი და ბოსტნეული ცალ-ცალკე დავაწყოთ“. კლასიფიკაციის შემდეგ აღმზრდელმა უნდა სთხოვოს, დაასახელონ ისინი და თუ სახელწოდება არ იციან, თვითონ უთხრას და სთხოვოს გამეორებას.
აღმზრდელმა იგივე მეთოდი შეიძლება დიდაქტიკური თამაშების დროსაც გამოიყენოს. 3-4 წლის ბავშვებს შესაძლოა უჩვენოს სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა სურათები და ჰკითხოს, რას აკეთებს მზარეული. თუ ბავშვები სწორად ასახელებენ რომელიმე კერძს, შესაძლოა, სხვებს სთხოვოს დამატება: „კიდევ რას აკეთებს მზარეული?“ იმავე თამაშის წამოწყება 4-5 წლიანებთან სურათის ჩვენების გარეშეც შეიძლება.
5-6 წლიანების ჯგუფში მიზანშეწონილია უფრო რთული თამაშების გამოყენება: „ბავშვებო, მომიტანეთ საგანი, სადაც ლექსები წერია და გიკითხავთ ხოლმე“ ან „მომიტანეთ საგანი, რითაც ფეხბურთს ვთამაშობთ“ ან „დამისახელეთ მრგვალი საგნები ჩვენს ოთახში“, „დამისახელეთ საგნები, რომელიც ასო-მზე იწყება“. შეიძლება გამოცანებიც შესთავაზონ. ამ დროს მთავარია, რომ ამ საგნებს ბავშვები ოთახში ხედავდნენ და შეეძლოთ მათზე რეალური დაკვირვება.
საუბრის, კითხვა-პასუხის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში უფროსი შეკითხვების დასმით ცდილობს, უბიძგოს ბავშვს, გამოიყენოს მისთვის ნაცნობი სიტყვები, ფრაზები. ამ დროს მნიშვნელოვანია რეალური საგნებისა და მათი სურათების გამოყენება.
გამეორების მეთოდი
4-6 წლიან ბავშვებთან, მეტყველების განვითარებისას სხვა მეთოდებთან ერთად, შესაძლოა გამეორების მეთოდის გამოყენებაც. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: აღმზრდელი უკითხავს ბავშვებს ზღაპარს, ახსენებს, თუ რა ნახეს სეირნობისას, უყვება სხვადასხვა ისტორიას, ესაუბრება სხვადასხვა საგნის, სათამაშოს შესახებ. ამისშემდეგ კი უბიძგებს, რომ პატარებმა დაუსვან შეკითხვები, გაიმეორონ მისი მონათხრობი. აღმზრდელმა შესაძლოა გაზარდოს შუალედი მოსმენასა და გამეორებას შორის. მაგალითად, „ახლა მე წაგიკითხავთ ამბავს წიწილაზე, თქვენ კი ყურადღებით მომისმინეთ“. თხრობის დასრულებისას კი შეკითხვებს უსვამს. მაგალითად, „რა ნახა წიწილამ სეირნობისას?“
თხრობის მეთოდი
აღმზრდელის როლი შედარებით მცირეა, როდესაც სკოლამდელ ბავშვს სთხოვს მოიგონოს ზღაპარი, მოყვეს თავისი ამბები, აღწეროს სურათები. მაგალითად, უთხრას, „გაიხსენე, რა ნახე ზოოპარკში, რა მოგეწონა იქ ყველაზე ძალიან. ან რას აკეთებს სურათზე ეს ბიჭი? ვის მისდევს ძაღლი?“ და ა.შ.
აღწერილი მეთოდების მთავარი ღირებულება ის არის, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვი მეტყველებას უშუალოდ ურთიერთობის, დიალოგის პროცესში ისე ეუფლება, რომ ვერც კი ამჩნევს, თუ მას მეტყველებას უვითარებენ. აღმზრდელი ბავშვების ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე მუდამ უნდა ზრუნავდეს - ბავშვების ბაღში მიღების, კვების, მეცადინეობებისთვის მზადების, სეირნობისა თუ თამაშის პროცესში.
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა დაეხმაროს პატარას საბავშვო ბაღის აღმზრდელი მეგობრების შეძენაში
რა უნდა გაითვალისწინოს საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ჯგუფში წიგნის კითხვისას