როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულება იტყობინება, სამტრედიის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს.
სამტრედიაში გამართულ ტრენინგს ადგილობრივი და ასევე ვანის, აბაშის და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორები, მეთოდისტები, ადგილიბრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტები, საკრებულოს და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგის თემატიკა მოიცავდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, განათლების სტანდარტებს ავტორიზაციის პროცესში და ამ პროცესისთვის მუნიციპალური მზადყოფნის მხარდასაჭერად პრაქტიკული რესურსების შემუშავებას.
სამტრედიის გარდა, ამავე სახის ტრენინგები დაიგეგმა ასევე ზუგდიდსა და ზესტაფონში. სამივე მუნიციპალიტეტში თითო ტრენინგს 22 მონაწილე ჰყავდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა“ და ქვეპროგრამის, „მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლებისა შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში“, ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისთვის კვების მომსახურების შესასყიდად განათლების სამინისტრომ, ცოტა ხნით ადრე, ტენდერი გამოაცხადა.
საბოლოოდ, სამინისტრომ სამივე მუნიციპალიტეტის ტრენინგზე სადილისთვის, ჯამში 3 418 ლარი გამოყო და მონაწილეებს ხაჭაპური, ლობიანი და კანაპე შესთავაზა.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღებისთვის ტრენინგი ჩატარდა - როგორ უნდა მოიქცეთ დამატებითი კითხვების შემთხვევაში