სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია. საბავშვო ბაღში კი აღზრდა-სწავლება თამაშის ფორმით მიმდინარეობს.
როგორც საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, აღმზრდელის ამოცანა 2-3 წლიანებთან მუშაობისას თამაშის მოქმედებების მოცულობის გაზრდა უნდა იყოს.
აღმზრდელმა ხელი უნდა შეუწყოს, თამაშში აისახოს ის ქცევები, რომლებსაც ბავშვი გარემოში აღიქვამს. უფროსის ჩართულობა თამაშის პროცესშიც მნიშვნელოვანია. მისი მონაწილეობის გარეშე შესაძლოა, თამაში დიდხანს დარჩეს ერთფეროვან და პრიმიტიულ თამაშად.
უფროსის თამაშში ჩართულობა რამდენიმე ფორმით არის შესაძლებელი:
2-3 წლის ასაკის ბავშვის თამაშში მნიშვნელოვანია რეალური სიუჟეტის გამეორება. მასწავლებლის მიერ შეთავაზებული სიუჟეტი და მოქმედებები უნდა იყოს ოდნავ უფრო რთული, ვიდრე ის მოქმედებები და სიუჟეტები, რასაც ბავშვი დამოუკიდებლად თამაშის დროს იყენებს, ანუ უნდა ეყრდნობოდეს „უახლოესი განვითარების ზონას“. ახალი თამაშის შეთავაზების მიზანია ბავშვების დაკვირვების, მარტივი მითითების გაგების, გამეორების უნარის განვითარება. აღმზრდელის ამოცანაა, რომ შემდგომში, თამაშისას, ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლონ მის მიერ ნაჩვენები მოქმედების განხორციელება.
მარტივი მოქმედებებისა და სიუჟეტების გათამაშების შემდეგ, მნიშვნელოვანია, ყურადღების გამახვილება სიუჟეტში არსებულ როლებზე. ამ დროს აღმზრდელის ჩართულობაც თამაშის პროცესში იცვლება.
აღმზრდელმა ბავშვს უნდა მისცეს სიტყვიერი მინიშნებები და თან უჩვენოს მოქმედებები, ყურადღებას გაამახვილოს სათამაშოების ძირითად თვისებებზე, აუხსნის მათ გამოყენებ.
აღმზრდელმა უნდა მართოს და ნელ-ნელა გაართულოს ბავშვის მიერ დაწყებული თამაში, შეიტანოს მასში ახალი შინაარსები, შეახსენოს უკვე ნაცნობი შინაარსი. მაგალითად, ბავშვი თუ თამაშობს თოჯინით და ვითომ აჭმევს მას, აღმზრდელმა შესაძლოა დაუსვას კითხვები: „ხელები დაბანილი აქვს?“ „ამის შემდეგ სად წაიყვან?“
აღმზრდელმა ნელ-ნელა უნდა შეამციროს უშუალო დირექტივები და მეტი ყურადღება გაამახვილოს მინიშნებებზე. შექმნას პირობები, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური თამაშისთვის. ბავშვების თამაშის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოს როლებზე. მაგალითად, როცა კუბებით თამაშობენ, აღნიშნოს, რომ კარგი მშენებლები არიან.
მასწავლებლის მინიშნებებით ბავშვებისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება როლი, რომელსაც თამაშის დროს ასრულებენ.
თამაშში თანდათანობით შესაძლებელია სხვადასხვა დიდაქტიკური მასალის შეტანა: კონსტრუქტორების, მოზაიკის, ასაწყობი სათამაშოები. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ თამაშებს. აღნიშნული თამაშები წესების დაცვას მოითხოვს, აღმზრდელი უხსნის ბავშვებს თამაშის წესებს და შემდეგ პროცესშიც ახსენებს.
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სკოლამდელ ასაკში აქტიურად ითამაშოს როგორც სიუჟეტურ-როლური, ისე წესებიანი თამაში. ვინაიდან სწორედ თამაშში ვითარდება სააზროვნო ოპერაციები, მეტყველება, ფანტაზია, წესების შესრულების უნარი, ანუ ყველა ის ფუნქცია, რაც სასკოლო მზაობისთვის არის მნიშვნელოვანი.
იხილეთ ასევე:
4 ეფექტური გზა სკოლამდელი ასაკის ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის