დღის თემა
etaloni.ge
განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“
15.02.2023

ყველა საბავშვო ბაღმა, რომელიც სისტემაში 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით დარეგისტრირდება, 2024 წლამდე უნდა გაიაროს თვითშეფასება, 2025 წლიდან კი ავტორიზაციის პროცესი დაიწყება - ითქვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 15 თებერვალს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჩატარებულ საინფორმაციო ტრენინგზე, რომელსაც საბავშვო ბაღების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე დარეგისტრირებულ საბავშვო ბაღებს შეუძლიათ სისტემაში შეტანილი ინფორმაცია 31 მარტის ჩათვლით, რედაქტირების ღილაკის გამოყენებით შეცვალონ. მაგალითად, დარეგისტრირების შემდეგ თუ შეიცვალა პერსონალისა და აღსაზრდელთა რაოდენობა, ბაღის ხელმძღვანელის ტელეფონის ნომერი და ა.შ. თუ ასეთი ცვლილება 31 მარტის შემდეგ მოხდება, რეგისტრაციის სისტემაში მისი შეცვლა სავალდებულო აღარ იქნება, რადგან, როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, რუსუდან ჭელიძემ განაცხადა, რეგისტრაცია ამ ბაზაში იმ მომენტში არსებული მონაცემების შეტანას გულისხმობს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ხითარიშვილმა კი განმარტა, რომ თვითშეფასების მიზანია, ბაღებმა თვითონ შეაფასონ, მიმდინარე წლის მდგომარეობით, რამდენად შესაბამისობაშია დაწესებულება ავტორიზაციის სტანდარტებთან.

„თვითშეფასების განხორციელება მოხდება ელექტრონულ პლატფორმაზე, სადაც ჩაშენებულია კითხვები ბაღის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის, ტექნიკური პერსონალისთვის და საგანმანათლებლო პერსონალისთვის. ანუ თვითშეფასებას აქვს ჰოლისტური, ასე ვთქვათ, მრავალმხრივი ხასიათი და მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ცხოვრებაში ჩართული სხვადასხვა მონაწილის მიერ შეივსოს“, - ამბობს ხითარიშვილი.

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენელის თქმით, აღნიშნული თვითშეფასება სააღმზრდელო დაწესებულებებს დაანახებს, რა არის მათი ძლიერი მხარე და სად სჭირდებათ კონკრეტული ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ სტანდარტის კონკრეტულ მოთხოვნებთან შესაბამისბაში მოვიდნენ.

„თვითშეფასების შედეგებს სამართლებრივი შეფასება არ მოჰყვება. 2023 წელს ყველა სტანდარტთან მიმართებაშიც რომ იყოს თქვენი ბაღი შეუსაბამო, ამის მიუხედავად, მაინც გექნებათ საქმიანობის განხორციელების უფლება იმ დრომდე, სანამ ავტორიზაციის განრიგით უშუალოდ ავტორიზაციის გავლა არ მოგიწევთ. თუ თქვენ თვითშეფასებას არ წარმოადგენთ 2023 წლის ბოლომდე, 2024 წლიდან აღარ გექნებათ კანონისმიერი საქმიანობის განხორციელების უფლება“, - ამბობს ნინო ხითარიშვილი.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი საბავშვო ბაღებს გადამზადებულ კადრებს გაუგზავნის, რომლებიც მათ თვითშეფასებისა და შემდეგ ავტორიზაციის პროცესში დაეხმარებიან.

„თვითშეფასების პროცესი დაიწყება აპრილის ბოლოდან ან მაისიდან. ყველა დაწესებულებას შევეხმიანებით წინასწარ. თქვენ წინასწარ, დაახლოებით 1 თვით ადრე გეცოდინებათ, როდის მოვა თქვენთან თვითშეფასების სპეციალისტი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პროცესის გავლაში... თვითშეფასების სპეციალისტი დაგეხმარებათ პლატფორმაზე რეგისტრაციაში, დაგეხმარებათ თითოეული კითხვის განმარტებაში და მთლიანად ამ პროცესის გავლაში... დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს. იქ, სადაც გექნებათ გარკვეული პრობლემები, დაგეხმარებით, იქნება ეს ვორქშოფები, ტრენინგები, გარკვეული სახელმძღვანელოების მომზადება თუ სხვა. მოვამზადებთ სპეციალისტებს, რომლებიც მოვლენ და ადგილზე დაგეხმარებიან. არ შეგეშინდეთ, მარტო არ იქნებით! ყველა იმ ჩანაწერის, მოხოვნის თუ დოკუმენტის შინაარსს, რომელიც თვითშეფასებაში იქნება წარმოსადგენი, დეტალურად განგიმარტავენ და დაგეხმარებიან, რომ ეს პროცესი გაიაროთ“, - ამბობს ნინო ხითარიშვილი, რომელიც აზუსტებს, რომ ეს თვითშეფასება, მიმდინარე წელს, მხოლოდ დიაგნოსტიკური ხასიათის არის და იმისთვის სჭირდებათ, რომ სისტემის დონეზე დაინახონ, რა მდგომარეობაა როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში და რის გამოსასწორებლად უნდა იმუშაონ.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებთან დაკავშირებულ ბრძანებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა

საბავშვო ბაღების თვითშეფასება 600 000 ლარი დაჯდება

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი