დღის თემა
etaloni.ge
რა საგანმანათლებლო რესურსია საჭირო საბავშვო ბაღში და როგორ შეიძლება მისი მოძიება - წაახალისეთ დაწესებულების თანამშრომლები
15.02.2023

საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროცესის მრავალფეროვნების ხარისხი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რესურსის მრავალფეროვნებაზე. ბავშვის ჰოლისტურ, მრავალმხრივ განვითარებას შესაბამისი - მრავალფეროვანი, სხვადახვა უნარების განმავითარებელი - რესურსი სჭირდება.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს:

ბუნებრივი მასალების კოლექცია - ფოთლები, ნიჟარები, კენჭები, ქვები, ხის ტოტები, გირჩები, მარცვლეული, პარკოსნები, მცენარეთა ბოლქვები და ფესვები, ჩიტების ბუდეები და ბუმბული, ცხოველების ძვლები, ბეწვი, კვერცხის ნაჭუჭი;

ცოცხალი არსებები - ოთახის მცენარეები, აკვარიუმი თევზებით;

პლასტმასის სათამაშოები - პლასტმასის რეალისტური ცხოველები: შინაური ცხოველები, გარეული ცხოველები, დინოზავრები და ა.შ. მცენარეები: პლასტმასის ხეები, ბუჩქები;

სამეცნიერო შინაარსის წიგნები, თამაშები, სათამაშოები, ვიდეოები - ენციკლოპედიები, წიგნები მცენარეებსა და ცხოველებზე და ა.შ. ცოცხალი სამყაროს შესახებ რეალისტური წარმოდგენის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო წიგნებში ილუსტრაციები რეალისტურად იყოს შესრულებული, ან ფოტოსურათებით გაფორმებული. კვლევითი უნარების გასავითარებლად ნაკლებად გამოდგება ისეთი ილუსტრირებული წიგნები, სადაც ცხოველებსა და მცენარეებს ადამიანის აღნაგობა, ან მათი სახის ნაკვთები აქვთ.

ხელსაწყოები - მიკროსკოპი, ლუპა, ძველი რენტგენის ფირები ადამიანის ან ცხოველების ძვლების ან კბილების გამოსახულებით, ფონენდოსკოპი, მაგნიტი, კალეიდოსკოპი, სხვადასხვა ზომის, ფორმის, ფაქტურის ნივთები.

ნივთიერებები - ზეთი, საპარსი ქაფი, მარილი, შაქარი, ესენციები სხვადასხვა სუნით, სუნელები.

როგორც წესი, საბავშვო ბაღში საგანმანათლებლო რესურსი არასოდეს არის საკმარისი. როგორ უნდა მოიქცეს საბავშვო ბაღი ასეთ დროს? ამ კითხვაზე პრაქტიკული რჩევებს საგანმანათლებლო რესურსის გამრავალფეროვნებაში ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის მიხედვით შემოგთავაზებთ.

რჩევები საგანმანათლებლო რესურსის მოსაძიებლად:

მოაწყვეთ თანამშრომელთა ექსკურსია ბუნებრივი მასალების შესავსებად - აირჩიეთ შედარებით თავისუფალი დღე და კოლეგებთან ერთად დაგეგმეთ ტყეში ან მდინარის პირას გასეირნება სხვადასხვა ბუნებრივი მასალის შესაგროვებლად, იქნება ეს ხის ტოტები, კუნძები, გირჩები, რკო, კენჭები, ბუმბულები, სხვადასხვანაირი ფოთოლი, ნიადაგი და ა.შ. ასეთი ექსკურსიის დროს ბაღის ჯგუფებისთვის ბუნებრივ მასალასაც მოიმარაგებთ, თან თანამშრომლებსაც მიეცემათ საშუალება, მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ. ასეთ გასვლებში შეგიძლიათ პერიოდულად მშობლებიც ჩართოთ;

დაგეგმეთ რესურსის დამზადება თანამშრომლებთან ერთად - წაახალისეთ დაწესებულების თანამშრომლები, აღმზრდელ-პედაგოგები/აღმზრდელები, რომ ბავშვებთან არასაკონტაქტო დროის ნაწილი საგანმანათლებლო რესურსის დამზადებას დაუთმონ. კონკრეტული ჯგუფის საჭიროებებს ასეთი ტიპის რესურსი უფრო მეტად მიესადაგება, ვიდრე ნაყიდი მასალა, რადგან ჯგუფში მომუშავე უფროსებმა ყოველთვის უკეთ იციან, მათი ჯგუფის ბავშვებს კონკრეტულად რა სჭირდებათ.

დაგეგმეთ რესურსის დამზადება მშობლებთან ერთად - ნებისმიერ ბაღში შეიძლება აღმოაჩინოთ მშობელი, რომელსაც კერვა ან ქსოვა ეხერხება, ხეზე მუშაობს, ბავშვობაში თოჯინების შეკერვით იყო გატაცებული და ა.შ. გამოიყენეთ მშობლების ეს უნარები, დაგეგმეთ მათთან ერთად კონკრეტული სათამაშოების დამზადება. რესურსი შეგიძლიათ დროთა განმავლობაში შეაგროვოთ. ასეთი სათამაშოებით ბავშვები განსაკუთრებული ხალისითაც ითამაშებენ და განსაკუთრებითაც მოუფრთხილდებიან;

რესურსის გაცვლა ჯგუფებში - მრავალკონტინგენტიან ბაღში შესაძლოა საკმაოდ კარგი პრაქტიკა იყოს რესურსის გაცვლა ჯგუფებს შორის. ბავშვებს დროთა განმავლობაში ბეზრდებათ ის სათამაშოები, რომლებიც ჯგუფშია, სხვა ჯგუფის ბავშვების სათამაშოების, წიგნების შეტანა კი უფრო გაახალისებს მათ. ეს მომენტი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოციალური უნარების გასავითარებლად: სხვა ბავშვების ნივთების მოფრთხილება, დაზიანების შემთხვევაში შეკეთება, საკუთარი სათამაშოების სხვებისთვის თხოვება და სხვა.

იხილეთ ასევე:

როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ეზო - ჩამოკიდეთ ტაფები, ქვაბების სახურავები, ხისა და ლითონის დიდი კოვზები

საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა უნდა იცოდეს უნივერსალური დიზაინის პრინციპები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი