დღის თემა
etaloni.ge
ბავშვებთან ურთიერთობის სახელმძღვანელო - „არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი ხართ“
14.02.2023

„დღეს ჩვენს სახლებში ჩუმი ტრაგედიაა, რომელიც ჩვენს ყველაზე ძვირფას საგანძურს, ჩვენს შვილებს ეხება, ისინი ემოციურად დამანგრეველ სიტუაციაში არიან! მკვლევრები საგანგაშო სტატისტიკას აქვეყნებენ ბავშვებში ფსიქიკური აშლილობების უწყვეტი ზრდის შესახებ, რაც ეპიდემიის მასშტაბებსაც კი აღწევს“, - წერს ამერიკელი ფსიქიატრი ლუის როხას მარკოსი.

ფსიქიატრის ინფორმაციით, 5-დან 1 ბავშვს ფსიქიკური დარღვევა აქვს. მოზარდთა დეპრესია იზრდება 37 %-ით. თვითმკვლელობების რიცხვი  10-დან 14 წლამდე ასაკში გაიზარდა 200%-ით.

„რა ხდება, რას არ ვაკეთებთ სწორად? თანამედროვე ბავშვები ზესტიმულირებულები არიან და ზეუზრუნველყოფილები არიან მატერიალური ნივთებით, მაგრამ სრულიად მოკლებულები არიან ჯანსაღი ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვან საფუძვლებს: ემოციურად მისაწვდომ მშობლებს, მკაფიო და ცალსახა შეზღუდვებს, მოვალეობებს, დაბალანსებულ კვებასა და ადეკვატურ ძილს, მოძრაობას ზოგადად, განსაკუთრებით კი - ღია სივრცეში, სუფთა ჰაერზე, შემოქმედებით თამაშს, სოციალურ ურთიერთქმედებებს, თავისუფალ სათამაშო შესაძლებლობებს და მოწყენილობას.

ამის ნაცვლად მათ გააჩნიათ: განრიდებული მშობლები, ყველაფრის მიმტევებელი და მომთმენი მშობლები, რომლებიც უფლებას აძლევენ ბავშვს „მართოს სამყარო“ და შემოიღოს წესები, უფლების შეგრძნება, რომ იმსახურებენ ნებისმიერ რამეს მათი „გამომუშავების“ ან მასზე პასუხისმგებლობის გარეშე, არაადეკვატური ძილი და დაუბალანსებელი კვება, ცხოვრების ნაკლებმოძრავი წესი, უსასრულო სტიმულაცია, ტექნოლოგიური ძიძები, მომენტალური დაკმაყოფილება და მოწყენილობის მომენტების არარსებობა.

რა ვქნათ? თუ გვინდა, ჩვენი შვილები ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ, უნდა გამოვფხიზლდეთ და დავუბრუნდეთ საფუძვლებს. ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია!“, - აცხადებს ფსიქიატრი და მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს.

რეკომენდაციები:

  • შემოიღეთ შეზღუდვები და გახსოვდეთ, რომ გემის კაპიტანი თქვენ ხართ. თქვენი შვილები უფრო თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს, თუ ეცოდინებათ, რომ თქვენ ახერხებთ შტურვალის მართვას.
  • შესთავაზეთ ბავშვებს დაბალანსებული ცხოვრების წესი, სავსე იმ ყველაფრით, რაც სჭირდებათ ბავშვებს და არა იმით, რაც უნდათ. ნუ გეშინიათ მათთვის „არა“-ს თქმის, თუკი მათ უნდათ ისეთი რამ, რაც არ სჭირდებათ.
  • მოამარაგეთ სასარგებლო საკვებით და შეუზღუდეთ მავნე.
  • გაატარეთ მინიმუმ ერთი საათი მასთან ერთად სუფთა ჰაერზე, დაკავდით ისეთი საქმით, როგორიცაა ველოსიპედით სიარული, სეირნობა, თევზაობა, ფრინველებზე, მწერებზე დაკვირვება.
  • ისიამოვნეთ ყოველდღიური საოჯახო ვახშმით სმარტფონებისა და მომცდენი ტექნოლოგიების გარეშე, რათა ყველამ თავი მნიშვნელოვნად მიიჩნიოს
  • ითამაშეთ სამაგიდო თამაშები მთელი ოჯახით, თუ ამისთვის პატარები არიან, უბრალოდ ეთამაშეთ მათ.
  • ჩართეთ საშინაო მოვალეობებში, სახლის საქმეში ასაკის გათვალისწინებით - ტანსაცმლის დაკეცვა და დაკიდება, საჭმლის ამოლაგება, სუფრის გაწყობა, ძაღლის ჭმევა.
  • დანერგეთ ძილის მუდმივი რეჟიმი, რათა ბავშვმა გამოიძინოს, განსაკუთრებით სკოლამდელ ასაკში.
  • ასწავლეთ პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლობა. ნუ დაიცავთ ყოველგვარი იმედგაცრუებისა და შეცდომისაგან, ეს დაეხმარება მათ, იყვნენ უფრო გამძლეები და ისწავლონ ცხოვრებისეული პრობლემების გადალახვა.
  • ნუ ატარებთ თქვენი შვილის ზურგჩანთას, არ მიუტანოთ დავიწყებული საშინაო დავალება, არ გაუფცქვნათ ბანანი და ფორთოხალი, თუ მათ ეს დამოუკიდებლად შეუძლიათ. თევზის მიწოდების ნაცვლად, ასწავლეთ თევზის დაჭერა.
  • ასწავლეთ ლოდინი და დაკმაყოფილების გადავადება.
  • მიეცით მოწყენის საშუალება. მოწყენა ეს მომენტია, როცა იღვიძებს კრეატიულობა, ნუ გგონიათ საკუთარი თავი პასუხისმგებლიანი მშობელი იმის გამო, რომ ყოველთვის ართობთ ბავშვებს.
  • ნუ იყენებთ ტექნოლოგიებს, როგორც მოწყენილობის საწინააღმდეგო წამალს და ნუ სთავაზობთ მას ბავშვს უმოქმედოდ დარჩენის პირველივე წამს.
  • თავი შეიკავეთ ტექნოლოგიების გამოყენებისაგან ჭამის დროს, ავტომობილში, რესტორანში, სავაჭრო ცენტრებში. გამოიყენეთ ეს მომენტები ურთიერთობისა და ბავშვის ტვინის განვითარებისათვის, რათა მან, ტვინმა, იცოდეს, როგორ იმუშაოს, როცა „მოწყენილობის“ რეჟიმშია.
  • შესთავაზეთ ბავშვებს, შექმნან იდეების ბანკი, თუ რა გააკეთონ, როცა მოწყენილები არიან.
  • იყავით ემოციურად მისაწვდომი თქვენი შვილებისათვის, რათა იურთიერთოთ მათთან, ასწავლოთ თვითრეგულაცია და სოციალური ჩვევები.
  • გამორთეთ ტელეფონები ღამით, როცა ბავშვი წვება დასაძინებლად, რათა არ მიიქციოს მისი ყურადღება.
  • იყავით თქვენი შვილების რეგულატორი და ემოციური ტრენერი, ასწავლეთ მათ ამოიცნონ და გაუმკლავდნენ თავიანთ იმედგაცრუებას და რისხვას.
  • ასწავლეთ მისალმება, ნივთების რიგ-რიგობით გამოყენება, ერთმანეთთან გაცვლა, გაყოფა, მადლობის გადახდა, შეცდომის აღიარება და მობოდიშება - ოღონდ არ აიძულოთ!, იყავით მაგალითი ყველა იმ ღირებულების დაცვის თვალსაზრისით, რომელსაც ასწავლით.
  • შეეწყვეთ ემოციურად - გაიღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, წაიკითხეთ, იცეკვეთ, იხტუნეთ, ითამაშეთ და იხოხეთ მათთან ერთად.

იხილეთ ასევე:

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

„ბავშვს აქვს უსაქმოდ ყოფნის უფლება“ - მასწავლებლის მიერ შედგენილი ბავშვთა უფლებების მანიფესტი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი