დღის თემა
etaloni.ge
„აღმზრდელები და მშობლები ხშირად ისეთ გზას ირჩევენ, რაც მდომარეობას აუარესებს“ - რჩევები პრეტენზიული ბავშვებისათვის
12.02.2023

ჩვილებისგან განსხვავებით, 1-დან 3 წლამდე ასაკში ზრდის ტემპი მცირდება, იკლებს მადა. ამიტომაც ბავშვები ხშირად ამცირებენ საკვების ულუფის ზომებს. გარდა ამისა, საკვებზე უარის თქმა ამ ასაკის ბავშვებში ხშირად დამოუკიდებლობის შეგრძნებას აღვივებს. ეს კი ზოგჯერ მშობლებსა და აღმზრდელებში შეშფოთებას იწვევს და იწყებენ საკვების დაძალებას, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

სამედიცინო სამსახურის, „მრჩეველის“ მიერ ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ საკვების დაძალება ნებისმიერ ასაკში დაუშვებელია. თუ ბავშვი მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტს მიირთმევს, თუ იგი საკვებს ფერის, ტექსტურის, სუნის მიხედვით არჩევს, ანდა, თუ უარს ამბობს ახალი პროდუქტის დაგემოვნებაზე, მაშინ თქვენ საქმე გაქვთ „პრეტენზიულ მჭამელთან“. ბავშვები,

რომლებსაც „პრეტენზიულ მჭამელებს“ ვუწოდებთ, უმეტეს შემთხვევაში, წონაში მაინც ნორმალურად იმატებენ, არიან ენერგიულები, ხალისიანები და ითვლებიან ჯანმრთელებად. მათ არ აკლიათ ვიტამინები, მინერალები და იღებენ საკმარისი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს.

ასეთი ბავშვები ხშირად:

  • ირჩევენ საკვებს ფერის ან ტექსტურის მიხედვით. მაგალითად, ბავშვი შეიძლება უარს ამბობდეს ყველაფერზე, რაც წითელია - პამიდორი, მარწყვი;
  • გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთი ან ორი ტიპის საკვებს მიირთმევენ. მაგალითად, მხოლოდ ფაფასა და ერთი ტიპის ხილს;
  • სხედან მაგიდასთან დიდხანს და ცდილობენ ყურადღების გადატანას კვებასთან დაუკავშირებელ პროცესებზე;
  • არ მიირთმევენ ახალ, მათთვის უცნობ პროდუქტებს;
  • ყველაფერს იღებენ მცირე ულუფებით.

ასეთი ბავშვების კვება გარშემო მყოფებისთვის ხშირად შემაწუხებელი ხდება. არსებობს აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდი, თუმცა ხშირად მშობლები და აღმზრდელები ისეთ გზას ირჩევენ, რაც არათუ ამჯობესებს, პირიქით, აუარესებს მდგომარეობას.

ჯანსაღი კვების ძირითადი პრინციპებით შექმნილ სახელმძღვანელოში ჩამოთვლილია რჩვები, რომლის მიხედვითაც:

არასდროს:

  • დააძალოთ ბავშვს ჭამა და აიძულოთ, მოასუფთაოს თეფში;
  • ეჩხუბოთ ბავშვს;
  • მისცეთ შენიშვნა სხვა ბავშვების თანდასწრებით;
  • დააჯილდოოთ ულუფის დამთავრებისთვის ტკბილეულით.

რჩევები „პრეტენზიული მჭამელი“ ბავშვების კვების საკითხის მოსაგვარებლად

  • ჩართეთ ბავშვები პროდუქტების არჩევის პროცესში;
  • მიეცით არჩევნის გაკეთების უფლება ორ ან მეტ ჯანსაღ პროდუქტს შორის. მაგალითად, ჯობს, ჰკითხოთ: „დღეს რომელი ხილი გირჩევნია, ვაშლი თუ ატამი?“ და არა: „დღეს ვაშლს შეჭამ?“;
  • სასარგებლოა ბავშვების ჩართვა საჭმლის მომზადების პროცესში. კერძი, რომლის მომზადებაშიც პატარა მოგეხმარებათ, უფრო მიმზიდველი გახდება მისთვის - რჩევები სამზარეულოში ბავშვის დასასაქმებლად.
  • დარწმუნდით, რომ ბავშვი არ სვამს რძეს ან სხვა ტკბილ სითხეებს ჭარბი რაოდენობით. სითხე იოლად ავსებს კუჭს და აქვეითებს შიმშილის შეგრძნებას. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის რძის მაქსიმალური დღიური რაოდენობა 0,5 ლიტრია;
  • შესთავაზეთ მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი მისთვის საყვარელ სხვა საჭმელთან ერთად. ახალი პროდუქტების შეთავაზება მშიერზე სჯობს;
  • შესთავაზეთ რამდენჯერმე ერთი და იგივე ახალი პროდუქტი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხშირმა და დაჟინებულმა მცდელობამ შეიძლება უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს;
  • თავი აარიდეთ დაჯილდოების სახით მისთვის საყვარელი ტკბილეულის შეთავაზებას. მაგალითად, ბოსტნეულის მირთმევის შემდეგ ჯილდოდ ნაყინის მიღება. ეს სტრატეგია ეფექტურია, მაგრამ აძლიერებს ტკბილეულისადმი მიდრეკილებას;
  • პროდუქტები დაუჭერით ლამაზ ფერად კუბიკებად, სხვადასხვანაირ ფორმებად, რათა ისინი საჭმელად უფრო მიმზიდველი გახდეს.

იხილეთ ასევე:

ბროკოლის სუპი პატარებისთვის - რეცეპტი

არასოდეს შეხედოთ პირდაპირ მზეს - რა უნდა ვიცოდეთ მხედველობის შესახებ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი