სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას - ამ მიზნით დაგეგმილი რიგი ღონისძიებების განხორციელება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს და მის მოადგილეებს სამუშაო თათბირზე დაავალა.
როგორც საქართველოს მთავრობა ოფიციალურად იტყობინება, არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარებისა და განხორციელების არეალის გაფართოების მიზნით, სასწავლო რესურსების შემდგომი განვითარება და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება იგეგმება, როგორც საგნობრივი მიმართულებით, ასევე სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების თვალსაზრისით.
„აღინიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან გარდატეხას მოახდენს როგორც ეთნიკური უმცირესობების სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის, ასევე სკოლების ინფრასტრუქტურის სრულყოფის კუთხით“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ასევე საუბარია იმაზე, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამებისა და კურსების განხორციელებაა დაგეგმილი.
იხილეთ ასევე: