დღის თემა
etaloni.ge
სად და როდის იმართება სკოლამდელი დაწესებულებებისათვის ყოველკვირეული კონსულტაციები - პრემიერმინისტრს თათბირზე ბაღების თვითშეფასებაზე უამბეს
09.02.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

როგორც საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი იტყობინება, შეხვედრის მონაწილეებმა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 2023 წლიდან სისტემაში პირველად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით, დაიწყებს როგორც საჯარო, ასევე კერძო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების დიაგნოსტიკური თვითშეფასებისა და მათი მხარდაჭერის პროცესს ავტორიზაციის გავლის მიზნით.

ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. 2023 წელს კი, სკოლამდელი განათლების საფეხურიდანვე სახელმწიფო ენის სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში აქტიურად გაგრძელდება ბილინგვური განათლების დანერგვა.

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე ადრეული აღზრდისა და განათლების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.

როგორც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი იუწყება, 2022 წლის 31 დეკემბერს დასრულდა კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული დაწესებულებების რეგისტრაცია, თუმცა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში 2022 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და სურთ, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით.

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს.

საბავშვო ბაღების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მართავს კონსულტაციებს დაინტერესებული პირებისთვის ყოველ პარასკევს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.

„დაწესებულებებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტირებით. ამისათვის საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცხელ ხაზთან დაკავშირება და წინასწარი ჩაწერა“, - იტყობინება განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის სტატუსის მინიჭებას ხელფასის ზრდა მოჰყვება

სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონში ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი