დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის ეზო, რომელიც მშობლებმა და ბაღის თანამშრომლებმა საკუთარი ხელით მოაწყვეს
08.02.2023

ხაშურის, წრომის N16 საბავშვო ბაღის ეზო პატარებისთვის, მეორადი მასალებით, აღსაზრდელების მშობლებმა და ბაღის თანამშრომლებმა ერთობლივად მოაწყვეს. როგორც ბაღის დირექტორი, მანანა გოდელაშვილი skolamdelebi.ge-სთან ყვება, ახლა მათი ეზო შესაბამის სტანდარტებს შეესაბამება და პატარებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

„მშობლების ჩართულობით შევაგროვეთ სამშენებლო და ხის მასალები, მეორადი ნივთები და ჩვენი ფანტაზიით მივეცით მათ ახალი სახალისო დანიშნულება. მშობელთა ჩართულობა ჩვენს ბაღში უკვე წლებს ითვლის. გარდა იმისა, რომ მასალებს ერთად ვაგროვებთ, ფიზიკურადაც ერთად ვმუშაობთ. მშობლებმა იზრუნეს ეზოს გამწვანებაზეც. შეგვიძინეს ტუიას და კიპაროსის ნერგები და თავის ხელით დარგეს. ჩვენი ეზო ბევრისთვის შემოქმედებითი მოტივაციის მაგალითია“, - გვითხრა ბაღის დირექტორმა.

მანანა გოდელაშვილი პატარების ემოციებისა და საბავშვო ბაღის ეზოს დანიშნულების შესახებაც მოგვიყვა:

„პატარები ყოველდღე სარგებლობენ ეზოს სათამაშოებით. მათ აქვთ ოჯახური, თბილი და მშვიდი გარემო. სიხარულით გამორბიან ჯგუფიდან ეზოში. იქ ხვდებათ ისეთი გარემო, რაც მათთვის საინტერესოა. დამოუკიდებლად გარბიან სხვადასხვა სივრცეში და იწყებენ უკვე როლების მორგებას. მოსწონთ გარემოზე დაკვირვება, აღმოჩენები. სილასთან და წყალთან ურთიერთობა, როლური და ფიზიკური თამაშები, წესრიგსაც ეჩვევიან. იციან, რომ თამაშის დამთავრების შემდეგ უნდა შეინახონ სათამაშოები. ეზოში გვაქვს სამზარეულოს ჭურჭელი, რითიც ასევე ერთობიან და ამ ჭურჭლის  შევსებაზეც მშობლები ზრუნავენ, მეორადი მასალით გვივსებენ. ჩვენი ბაღის მიზანია, დავეხმაროთ ბავშვის ყველა უნარის განვითარებას, მივაწოდოთ მათ მრავალფეროვანი ცოდნა. იმის გათვალისწინებით, რომ ეზო ყოველდღიური განრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შევეცადეთ, შეძლებისდაგვარად ტერიტორია დაგვეყო სხვადასხვა თემატურ სივრცეებად ბავშვის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვით, რათა პატარებს ქონდეთ საშუალება განივითარონ მსხვილი და წვრილი მოტორიკა, განვითარდნენ ფიზიკური აქტივობების, კვლევების, ცდების და დაკვირვების შედეგად".

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი