დღის თემა
etaloni.ge
სად შენდება თბილისში ახალი საბავშვო ბაღები და რა უჯდება ბიუჯეტს თითოეული - უბნების ჩამონათვალი
08.02.2023

2023 წელს თბილისის მერიამ საჯარო ბაგა-ბაღების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 171 187 949 ლარი გამოყო.

აქედან, 13 985 210 ლარი ახალი საბავშვო ბაღების და ასევე - ავარიული საბავშვო ბაგა-ბაღების ადგილას ახლის მშენებლობას და ავარიული ბაღების გამაგრება-რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.

თბილისის მასშტაბით, 2023 წელს 10 ახალი საბავშვო ბაღი შენდება. აქედან 5 უკვე არსებული და ავარიული შენობის ნაცვლად აშენდება, 5 კი იქ, სადაც აქამდე საბავშვო ბაღი არ ყოფილა. უკვე არსებული ბაღები, სადაც ახალი შენობები უნდა აშენდეს, გახლავთ თბილისის მე-19, 125-ე, 109-ე, მე-6 და ვარკეთილის მეურნეობის საჯარო ბაგა-ბაღები.

აფრიკის დასახლება, ლილოს დასახლება, ნავთლუღი, ორთაჭალა და ვაზისუბანი - ეს იმ ადგილების ჩამონათვალია, სადაც აქამდე არარსებული საბავშვო ბაღები შენდება.

რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები უტარდება თბილისის მე-2 და 89-ე საჯარო ბაღებს.

თბილისის 2023 წლის უკვე გაწერილი ბიუჯეტიდან ირკვევა, რომ 109-ე და მე-6 საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ყველაზე ძვირი თბილისის ბიუჯეტს 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის ადგილას ახალი შენობის მშენებლობა უჯდება - 7 674 944 ლარი. აღნიშნული სკოლამდელი დაწესებულებისთვის 2022 წელს 2 686 230 ლარი გამოიყო, 2023 წელს - 2 494 357 ლარი და 2024 წელს 2 494 357 ლარი გამოიყოფა. სხვა ბაღების მშენებლობა კი მთლიანობაში 2 მილიონიდან 6 მილიონამდე თანხა ჯდება.

ლილოს დასახლებაში ახალი ბაღის მშენელობის ღირებულება 5 373 864 ლარია, ოქროყანის დასახლებაში - 2 137 898, აფრიკის დასახლებაში - 4 590 579, ვაზისუბნის დასახლებაში - 4 494 067, მე-19 საბავშვო ბაღის - 4 415 667, 125-ე საბავშვო ბაღის - 1 999 996, მე-6 საბავშვო ბაღის - 5 825 760, ვარკეთილის მეურნეობის საბავშვო ბაგა-ბაღის -  1 949 118 ლარია, ხოლო რა ჯდება მთლიანობაში ნავთლუღში ახალი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა, დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის, თუმცა 2023 წელს ამ ბაღის შეჩერებული მშენებლობის გაგრძელებისთვის 2 621 876 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ავარიული შენობის გამაგრება-რეაბილიტაციას, ის 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს. 3 წლის განმავლობაში ამ ბაღისთვის 4 408 895 ლარი გამოიყო.

მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის გამაგრება-რეაბილიტაციისთვის წელს 1 030 313 ლარია გამოყოფილი.

იხილეთ ასევე:

1 საბავშვო ბაღის აშენება 3 მილიონი ლარი ჯდება, 2 ბაღის - 7 და 4 ბაღის - 16 - სად ჯდება ყველაზე ძვირი ახალი სააღმზრდელო დაწესებულება

„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი