ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ 1 080 170 ლარიანი კონტრაქტის გასაფორმებლად მზად არის. ამ თანხით გაერთიანებამ საბავშვო ბაღებისთვის ხორცი 2023 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 1 თებერვლამდე უნდა შეისყიდოს.
ბათუმის მერია მზად იყო, 1 კოლოგრამ ხორცში 25 ლარი გადაეხადა, თუმცა მომწოდებელს, რომელთანაც ხელშეკრულება 22 თებერვალს გაფორმდება, 23.74 ლარს გადაუხდის.
რაც შეეხება ხორცის ტექნიკურ მაჩვენებლებს, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხორცი უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, გაცივებული, უძვლო - ბეჭის, მკერდის, ზურგის, ბარკლის ნაწილები... უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის და მყესების, ქონისა და თხელი ნაჭრების გარეშე. ხორცის ფერი უნდა იყოს ვარდისფერი, სუნი - ახალი ხორცისთვის დამახასიათებელი, კონსისტენცია - დრეკადი და ელასტიური, - თითის დაჭერით ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და მყისიერად უნდა გასწორდეს. ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე, სახსრების ზედაპირი - თეთრი და ბზინვარე. გაყინული და შემდეგ გამღვალი საქონლის ხორცის მიწოდება კი დაუშვებელია.
„თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი, ცხოველთა ჯგუფი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა ცხოველის, ცხოველთა ჯგუფის ტანხორცის ან ტანხორცის ჯგუფის დაჭრა; თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ“,- ნათქვამია დოკუმენტში.
ბათუმში სულ 34 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 8 280 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღების გაერთიანება ერთი წლის განმავლობაში სულ 45 500 კილოგრამ ხორცს შეიძენს.
იხილეთ ასევე:
როგორი რძის ნაწარმი შედის საბავშვო ბაღებში - ყველი უნდა იყოს ნასვრეტებიანი და ნაკლებ მარილიანი