საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროცესის სწორად წარმართვისთვის, აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა თავად უნდა შეასრულონ ის მოთხოვნები, რომელსაც უწესებენ თითოეულ ბავშვს, - ამის შესახებ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტშია ნათქვამი.
სტანდარტის მიხედვით, აღმზრდელ-პედაგოგი და აღმზრდელი ბავშვებისთვის უნდა იყვნენ პოზიტიური მაგალითის მიმცემნი.
აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა უნდა გამოამჟღავნონ პატივისცემა თითოეული ბავშვისა და უფროსის მიმართ. მათ მშვიდად და გაწონასწორებულად უნდა იურთიერთონ გარშემომყოფებთან, დაიცვან პირადი ჰიგიენის წესები და ჯგუფის სისუფთავე და თავად შეასრულონ ის მოთხოვნები, რასაც ბავშვებს უწესებენ.
აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფში პოზიტიური დისციპლინის დამყარებას. ჯგუფის მართვისას მათ გამიზნულად და თანმიმდევრულად უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი სტრატეგიები და მიდგომები, ასევე იზრუნონ კონფლიქტური და პრობლემური ქცევის მოგვარებასა და მართვაზე. აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა უნდა წახალისონ ბავშვებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია და ხელი შეუწყონ პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა, კონფლიქტური სიტუაციების დროს, ბავშვებს უნდა შესთავაზონ მისი მოგვარების იმგვარი სტრატეგიები, რომელიც უზრუნველყოფს სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას. თითოეულმა ბავშვი თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა ჯგუფის წესების შემუშავებაში, აღმზრდელ-პედაგოგმა და აღმზრდელმა კი ხელი შეუწყონ დადგენილი წესების შესრულებას. მათ ასევე თითოეული ბავშვის მიმართ წარმატების მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ბავშვის ასაკისა და განვითარების შესაბამისი მოლოდინები უნდა ჰქონდეთ.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე - განმარტება კანონში