დღის თემა
etaloni.ge
„ნუცას ბაღში“ ყველა დღე იწყება მხიარულებით, სიყვარულით და მზრუნველობით - ინტერვიუ ბაგა-ბაღის დირექტორთან
07.02.2023

თბილისში „ნუცას ბაგა-ბაღის“ ორი ფილიალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ნონა ედიშერაშვილი, ქალ-ვაჟის დედაა. კერძო საბავშვო ბაღს თავისი ქალიშვილის სახელი - ნუცა, უწოდა. ამბობს, რომ საბავშვო ბაღი სასიამოვნოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო სამსახურია და იქ ვერ იმუშავებ, თუ ბავშვები არ გიყვარს და მათ განვითარებაზე არ ზრუნავ.

ნონა ედიშერაშვილი 12 წლის განმავლობაში საჯარო საბავშვო ბაღში მუშაობდა, მერე კი საკუთარი დაარსა და ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სააღმზრდელო დაწესებულება სანიმუშო იყოს.

ნონა ედიშერაშვილი:  ჩემი ბაღის დაარსება, პირველ რიგში, გადამაწყვეტინა იმ პრაქტიკამ, რაც იმ 12 წლის განმავლობაში დავაგროვე, როდესაც საჯარო სკოლამდელ დაწესებულებაში ვმუშაობდი და ასევე - ბავშვების დიდმა სიყვარულმა, მათი განვითარების სურვილმა.

- ამდენწლიანი დაკვირვებით რა დასკვნა გამოიტანეთ, რა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ემოციურად თუ ფიზიკურად, სწორად და კარგად განვითარდნენ?

- ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო ემოციური კუთხით, რადგან ეს ის ასაკია, როცა ბავშვს ყველაზე მეტად ემოციური უკუკავშირი სჭირდება, ვიდრე ის, თუ რა ფერის ტანსაცმელი აცვია. ამ ხნის პრაქტიკამ მაჩვენა, რომ როდესაც ბავშვთან მუშაობ სოციალურ-ემოციურ უნარებზე, ის მეტად კომუნიკაბელური და თავდაჯერებული გახლავთ. სოციალურ უნარებში იგულისხმება ის უნარები, რომლებიც ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში უწყობს ხელს. თანატოლებთან კონტაქტი ამის საუკეთესო საშუალებაა. როდესაც საჯარო ბაღში ვმუშაობდი და ჩაბარებული მყავდა ჯგუფი, ბავშვებისთვის არასოდეს წამიკითხავს უბრალოდ ზღაპარი. იმ ზღაპარს ყოველთვის ვაცოცხლებდი და ბავშვებთან ერთად მთელი გულით და სულით სცენად ვდგამდი. ვხედავდი, რომ ბავშვი, რომელიც არც ისე აქტიური იყო, ეს აქტივობა მასაც კი აინტერესებდა და მთელი ემოციით ერთვებოდა პროცესში.

ემოციური უნარების განვითარება ეხმარება ბავშვს გაიგოს, თუ რას გრძნობს, რას განიცდის თავად ან მისი თანატოლი. ხელს უწყობს ქცევების, აზრების, ყურადღების რეგულირებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარები შეუცვლელია, რადგან საფუძველს ქმნის ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენს მის კეთილდღეობაზე როგორც ახლა, ისე სამომავლოდ. ამ უნარების განვითარებისთვის ბავშვს სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა და ასევე აღმზრდელი, რომელიც ამ პროცესებს უძღვება. ბავშვთან, რომელსაც ჰქონდა ქცევის დარღვევა, ურთიერთობას და საერთო ენის გამონახვას ზუსტად ამ ემოციური ურთიერთობებით ვახერხებდი. ამიტომ ყველა მშობელს სურდა ჩემს ჯგუფში მოხვედრილიყო მისი შვილი.

- შვილებთან ურთიერთობისა და აღზრდის როგორი სტილი გაქვთ?

- ორი შვილი მყავს - ნუცა და ვახო. ნუცა საკმაოდ წარმატებული გოგონაა, თანამედროვე ცეკვების მასწავლებელი და ბევრი ჯილდოს მფლობელია. სწორედ მისი სახელი დავარქვი ჩემს საბავშვო ბაღს. ჩემს შვილებთან ყველაზე მეტად მქონდა ავტორიტეტული აღზრდის სტილი. საბავშვო ბაღი სასიამოვნოდ შრომატევადი, საპასუხისმგებლო სამსახურია. სხვისი შვილების მიმართ გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო. ამის მიუხედავად, ვცდილობდი, ჩემი შვილებისთვის ის დრო შემევსო, რასაც უჩემოდ ატარებდნენ. სამსახურიდან მისული ყოველთვის ვიტოვებდი და ვიტოვებ დროს მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, არ ვაგრძნობინებდი და დახუჭობანასაც ვეთამაშებოდი, ქალაქობანასაც, წრეში ბურთსაც და სხვა. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან კარგად გავართვი თავი დედობასაც.

- საბავშო ბაღის აღმზრდელებისთვის რა მითითებები გაქვთ და როგორია ის აქტივობები, რასაც სააღმზრდელო დაწესებულებებში ახორციელებთ?

- „ნუცას ბაგა-ბაღში“ საოცრად თბილი ოჯახური გარემოა. ვცდილობთ, ბავშვებში გავაღვივოთ სიყვარული, მეგობრობა, ერთმანეთისადმი პატივისცემა. ჩემს თანამშრომლებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ბავშვებთან მთელი გულით და სულით უნდა იმუშაონ. ბავშვებს უნდა ასწავლონ ემპათია - სხვისი ემოციების გაგების უნარი, პრობლემის გადაჭრა, ბრაზის მართვა და სხვა. მოტივირებულები ვართ იმისთვის, რომ  ბავშვები იყვნენ ლაღები, ბედნიერები, თამაშით ისწავლონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს მოეთხოვება. „ნუცას ბაგა-ბაღში“ ყველა დღე იწყება მხიარულებით, სიყვარულით და მზრუნველობით.

აღმზრდელის მოვალეობაა, იზრუნოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, გაუადვილოს ბავშვს მშობელთან განშორება. მისცეს ის სითბო და სიყვარული, რომელის აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის. დილას ვიწყებთ გამამხნევებელი ვარჯიშით. გვაქვს რიტმიკის საათი, რაც ბავშვშში ხელს უწყობს მუსიკის, ფიზიკური ვარჯიშის სიყვარულის გაღვივებას. გვაქვს სხვადასხვა აქტივობები და ამ აქტივობებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საშუალება, რომ ისიამოვნოს.

ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ყურადღების, მეხსიერების განვითარებას. ვმუშაობთ თიხაზე, ვკერავთ თოჯინებს, რომ განვასახიეროთ ზღაპრის პერსონაჟები. ერთ-ერთი სპექტაკლის დადგმისას იმდენად კარგად მოირგეს ბავშვებმა როლები და განასახიერეს გმირები, რომ ერთმა რეჟისორმა ჩემი ბაღის ბავშვებს მისცა საშუალება და დიდ სცენაზეც კი დააყენა.

გვყავს მეტყველების თერაპევტი, რომელიც აფასებს მეტყველების დონეს, სვამს დიაგნოზს და შესაბამისად ახდენს ჩარევას სწორი და გამართული მეტყველების ჩამოსაყალიბებლად. პერიფერიული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში ხდება პირის კუნთების, ენის და ტუჩების მასაჟი. შემდეგ მიმდინარეობს ასოების მარცვალში და სიტყვაში ჩამაგრება, რომელიც წინაპირობაა სწორი მეტყველებისა. მეტყველების თერაპევტი ასევე ჩართულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ქცევის თერაპიის პროცესებში მათი უნარების ჩამოსაყალიბებლად, მეტყველების გასაუმჯობესებლად და ქცევის დასაკორექტირებლად.

ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბავშვთა განვითარებას. ვკითხულობთ ზღაპრებს, ლექსებს, მოთხრობებს, გავდივართ სახალისო მათემატიკას, ვეცნობით ჩვენი ქვეყნის ზოგად ისტორიას, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას კონცერტებსა და ღონისძიებებში.  

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი