რა სახის აქტივობა შეიძლება ჩაატაროთ საბავშვო ბაღში იმისათვის, რომ პატარებს სივრცული აღქმის და დაკვირვების უნარი და ასევე, ნატიფი და მსხვილი მოტორიკა განუვითარდეთ?
გთავაზობთ საბავშვო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელოში მოცემულ ერთ-ერთი პრაქტიკულ სავარჯიშოს, რომელიც აღმზრდელს შეუძლია 3-6 წლის ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენოს.
თემა: სხვადასხვა ტიპის ხაზები
მიზანი: სივრცული აღქმის და დაკვირვების უნარის, ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარება, ბავშვი გაეცნოს „ხაზის“ მნიშვნელობას
საჭირო რესურსი: ქაღალდი, გრაფიტის ფანქრები, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, პასტელები
აქტივობის მსვლელობა:
1. აღმზრდელი ბავშვებს აჩვენებს მის მიერ წინასწარ მომზადებულ ვიზუალურ მასალას, რომელზეც სხვადასხვა ტიპის ხაზია გამოსახული - ტალღოვანი, ტეხილი, წყვეტილი და ასახელებს თითოეულს.
2. ჰაერში ხელის მოძრაობით იმეორებს ხაზების ფორმებს, თან ასახელებს. ბავშვებს სთხოვს, მათაც გაიმეორონ.
3. შემდეგ სთხოვს, რიგრიგობით გამოვიდნენ, გამოსახონ ჰაერში ხაზი და დაასახელონ, რომელი ტიპის ხაზს განასახიერებენ.
4. ბავშვები მწკრივდებიან ოთახში და სხეულებით ცდილობენ სხვადასხვა ტიპის ხაზის გამოსახვას. შენიშვნა: ამ აქტივობის ჩატარება შეიძლება ბაღის ეზოში და შემდეგ ცარცებით ხაზების დახატვა.
5. აღმზრდელი ურიგებს სამუშაო მასალას: ფურცლებს, ფანქრებს, ფლომასტერებს, პასტელებს და ბავშვებს სთხოვს, დახატონ სხვადასხვა ტიპის ხაზები.
6. მუშაობის დამთავრების შემდეგ ბავშვები ათვალიერებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და გამოთქვამენ საკუთარ აზრს და შთაბეჭდილებებს.
რჩევა აღმზრდელს:
ამ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შესრულდეს შემდეგი აქტივობები:
კავშირი მუსიკასთან:
წყვეტილი ხაზებით ხატავენ წვიმას ან ტალღოვანი ხაზებით ზღვას. ამ დროს აღმზრდელი ასმენინებს შესაბამის მუსიკალურ ნაწარმოებებს და ეკითხება, რომელი ტიპის ხაზს აგონებთ. ასმენინებს მუსიკას და სთხოვს, რომ სხეულის მოძრაობით გადმოსცენ სხვადასხვა ტიპის ხაზები.
იხილეთ ასევე:
ქვიშაზე და ფქვილზე ხატვა საბავშვო ბაღში - რა უნარებს ავითარებს აქტივობა