დღის თემა
etaloni.ge
„ხელფასიც ნორმალურია, პრემიებიც არის, 32-დღიანი შვებულებაც და ჯანმრთელობაზე ზრუნვაც“ - როგორ პირობებში მუშაობენ გერმანიაში ბაღის აღმზრდელები
07.02.2023

„ყველა ვერ უძლებს საბავშვო ბაღში მუშაობას, ზოგი იცვლის პროფესიას, ზოგი თვეობით ბიულეტინზეა“, - ამბობს გერმანიაში მცხოვრები ქართველი, ირა ჩერქეზიშვილი, რომელიც იქ საბავშვო ბაღში, სოციალ-პედაგოგად მუშაობს.

Skolamdelebi.ge-ს კითხვაზე, როგორია აღმზრდელებისა და აღსაზრდელების თანაფარდობა გერმანიის საბავშვო ბაღების ჯგუფებში, მაშინ, როდესაც ჩვენთან ეს თანაფარდობა დარღვეულია, ჩერქეზიშვილი პასუხობს:

„განსხვავებაა დასავლეთ გერმანიასა და ყოფილ გდრ-ის მიწებს შორის. დასავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე ბაგაში, რომელშიც 0-დან 3 წლამდე ბავშვები ირიცხებიან, საშუალოდ 3-4 ბავშვი მოდის ერთ აღმზრდელზე. აღმოსავლეთში - 5-6 ბავშვი. რაც შეეხება 3-დან 6 წლამდე ბავშვებს, 7-8 ბავშვი ჰყავს ერთ აღმზრდელს დასავლეთში, აღმოსავლეთის მიწებზე კი შეიძლება ბავშვების რაოდენობა 12-მდეც ავიდეს. პოლიტიკის მხრიდან ხელშეწყობა არის, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ არ გვყავს პერსონალი. ბევრი ბაღი ან იკეტება, ან საერთოდ ვერ იხსნება. ახლა მაგალითად, ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ჩვენთან 66 ბავშვზე გათვლილი და მხოლოდ 30 ბავშვი მიიღეს პერსონალის არ ყოლის გამო. ძალიან დიდი დარღვევაა და ამასთანავე, რისკია ამ თანაფარდობის დარღვევა“.

როგორც ირა ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, იქ ვერავინ გაბედავს, ბავშვი ბაღში მიიღოს, თუ შესაბამისი რაოდენობის პერსონალი არ ჰყავთ. იმ ამბავს, რომ ბევრი ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება, მშობლები ვერც აპროტესტებენ.

„ბავშვს რომ რაიმე უშავდება ბაღში და მშობელი ჩივის, პირველი კითხვა, რომელსაც მოსამართლე სვამს, არის ის, იყო თუ არა იმ დღეს ბავშვზე მორგებული მოვლა და ყურადღება ბაღში. ამიტომ ვერც ერთი გამგე ვერ გაბედავს, მიიღოს ბავშვები, როცა არ ჰყავს პერსონალი. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ 9 თანამშრომლიდან მხოლოდ სამნი ვყოფილვართ და - 55 ბავშვი. ამ შემთხვევაში ყველა მშობელს ვურეკავთ და თავაზიანად ვთხოვთ, თუ აქვს შესაძლებლობა, წაიყვანოს ბავშვი სახლში. ნახევარზე მეტი მშობელი მოდის და გაგებით ეკიდება ამ ყველაფერს. პროტესტს რაც შეეხება,  ვის უნდა გამოუცხადონ პროტესტი? ხელის შეწყობა მთავრობის მხრიდან არის, მაგრამ ადამიანებს ხომ არ დააძალებ, გინდა თუ არა, აღმზრდელ-პედაგოგის პროფესია აირჩიეო“, - ამბობს სოციალ-პედაგოგი.

რატომ არ ირჩევენ ამ პროფესიას გერმანიაში, პრესტიჟული არ არის თუ ანაზღაურება არ მოსწონთ? ამ კითხვოს საპასუხოდ, გერმანიაში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდა ქალბატონმა გვითხრა:

„პრესტიჟზე გერმანელები ნაკლებად ფიქრობენ, დიდად არ აინტერესებთ სხვისი აზრი, თუმცა პრესტიჟული ამ ბოლო წლებში მართლაც გახდა ჩვენი პროფესია და რაც მთავარია, - მრავალფეროვანი. ხელფასებიც ნორმალურია, იცხოვრებს ადამიანი. პრემიებიც არის და 32-დღიანი შვებულებაც, რასაც ემატება ჯანმრთელობაზე ზრუნვა დამსაქმებლის მხრიდან. მაგალითად, ჩვენთან ყოველ თვე მოდიოდა მასაჟისტი, სუპერვიზორი, გვაძლევდნენ ფიტნისის ცენტრების ვაუჩერებს, გვქონდა ერგონომიული სკამები აღმზრდელებისთვის. საქმე იმაშია, რომ ყველას არ შეუძლია ამ პროფესიით მუშაობა და ეს კარგად იციან. მეშვიდე კლასიდან სავალდებულო საწარმოო პრაქტიკას გადიან სხვადასხვა სფეროში, რომ მიაგნონ იმას, რაც უნდათ. საკმაოდ დიდი დატვირთვაა ჩვენს სფეროში როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მოითხოვს ძალიან დიდ მედეგობას, კომუნიკაციის მაღალ ხარისხს, კრიტიკის მიმართ უნარიანობას... ყველა ვერ უძლებს. ზოგი იცვლის პროფესიას, ზოგიც კი თვეობით ბიულეტინზეა. ასე რომ ხელფასზე და იმიჯზე არ არის დამოკიდებული“.

იხილეთ ასევე:

„ბაგას პატარებთან 5-6 წლის ბავშვების შეშვება როგორ შეიძლება, ეშინიათ“ - საბავშვო ბაღი დაიკეტა, აღსაზრდელები კი სხვა ბაღში შეასახლეს

ერთი აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი