დღის თემა
etaloni.ge
„ბავშვი რომ შემოვიდოდა ბაღში, სახეზე ეწერა, რა მოხდა წინა საღამოს მის ოჯახში“
06.02.2023

ბავშვი შეიძლება საბავშვო ბაღში მოძალადე გახდეს, თუ მას ოჯახში ხშირად აკრიტიკებენ და სცემენ, - თქვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებული დიალოგის დროს ფსიქოლოგმა თათია გურგენიძემ. დიალოგის თემა „ბულინგი“ გახლდათ და მას მშობელი, მიხეილ სახვაძე უძღვებოდა.  

მშობლის კითხვაზე, რა ასაკში უჩნდებათ ბავშვებს მიდრეკილება, რომ გახდნენ მოძალადეები, ფსიქოლოგმა უპასუხა:

„ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს ბულინგის შემთხვევები, საბავშვო ბაღიდან დაწყებული... საბავშვო ბაღშიც გვხვდებიან გარიყული ბავშვები, რომლებსაც უჭირთ კომუნიკაციაში შესვლა, რომლებსაც დასცინიან და ა.შ. სკოლაში ეს კიდევ უფრო მძაფრდება“.

თათია გურგენიძე მიიჩნევს, რომ მიზეზი, რის გამოც ბაღის ბავშვი შეიძლება გახდეს მჩაგვრელი, ოჯახში მის მიმართ დამოკიდებულებაა.

„ამ შემთხვევაში მთავარია თუ რა როლური მოდელი აქვს ბავშვს, როგორ ექცევიან მას, რამდენად ხშირად სჯიან, აკრიტიკებენ, რამდენად ხშირად უჩენენ დანაშაულის განცდას. თუნდაც რამდენად ხშირად სცემენ, ფიზიკური და ემოციური დასჯა როგორია, რამდენად იღებს მშობლისგან საკმარის ყურადღებას. ასეთი სირთულეები წარმოქმნის ბავშვშში ქცევით ემოციურ სირთულეებს და თავისთავად შეიძლება გამოვლინდეს როგორც აგრესია, ან პირიქით, ვერ შეძლოს თავდაცვა და აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში. რეალურად ორი მხარეა, თუმცა პრობლემის სათავე მაინც ერთია... მნიშვნელოვანია, რამდენად აქვთ მშობელსა და ბავშვს რუტინა დაბადებიდან თუ საბავშვო ბაღის ასაკიდან მოყოლებული, რამდენად ახერხებენ ერთმანეთთან საუბარს, რამდენად უყვება მშობელი თავის ამბებს, თუნდაც გამოგონილს. რომ ნდობა ჰქონდეს“, - ამბობს ფსიქოლოგი.

მშობლის კითხვაზე, როგორ შეიძლება ამოიცნოს მშობლებმა, რომ ჩვენი შვილები ბულინგის მსხვერპლნი არიან, ფსიქოლოგი პასუხობს, რომ ამ დროს შეიძლება ბავშვმა უარი განაცხადოს სკოლაში თუ ბაღში წასვლაზე, შეიძლება კონცენტრაციის ხარისხი გაუარესდეს ან ხასიათის ცვლილება დაეტყოს - სევდა, გაღიზიანება და მოულოდნელად გამოხატოს დიდი აგრესია, მშობელმა კი ეს ფაქტი ვერ ახსნას. ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სირცხვილის განცდა, დანაშაულის შეგრძნება, რომ თავად ვერ იცავს საკუთარ თავს და ურჩევნია, ჩუმად იყოს ან სულაც, არ იცოდეს, რა გააკეთოს.

დიალოგის დროს ასევე აღინიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მესამე ბავშვი ბულინგის მსხვერპლია.

როგორ მოიპოვოს მშობელმა შვილის ნდობა? ამ კითხვაზე ფსიქოლოგი პასუხობს:

„მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს შვილთან. რა თქმა უნდა, წესები უნდა არსებობდეს, მაგრამ მშობელი არ უნდა იყოს განმსჯელი, ძალიან კრიტიკული და ბავშვს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო სივრცე, რომ თუნდაც რაღაც არასწორად გააკეთოს, თუნდაც თვითონ იყოს ბავშვი მჩაგვრელი, ეს უნდა იყოს გარკვეულწილად მიღებული. მშობელმა უნდა თქვას, კი, შენ არასწორად მოიქეცი, მაგრამ მაინც მიყვარხარ, მაინც დაგეხმარები და შეგვიძლია ერთად გადავლახოთ ეს. ანუ გარკვეულად რაღაც ნდობის სივრცე უნდა იყოს შექმნილი მშობელსა და შვილს შორის, არამხოლოდ განმკიცხველი, განმსჯელი და სადამსჯელო.

მშობელმა, მიხეილ სახვაძემ კი, რომელიც ფსიქოლოგთან დიალოგს უძღვებოდა, თქვა:

„საბავშვო ბაღში ვმუშაობდი აღმზრდელად დაახლოებით 4 წელი. იყო რამდენიმე ბავშვი, რომლებიც, რომ შემოვიდოდნენ, მათ სახეზე შეიძლებოდა წაკითხვა, რა მოხდა წინა საღამოს ოჯახში, იმდენად ყველაფერი ეწერათ სახეზე. ბავშვები არიან და ხშირად ყვებოდნენ კიდეც იმ ამბებს“.

იხილეთ ასევე:

„რომ გვინდა, გავარკვიოთ, სახლში რა ხდება, სახლობანას ვეთამაშებით ბავშვს და ყველაფერი ვიცით“

ბავშვები არ „ფუჭდებიან“ ალერსით ან ყურადღებით - როდესაც ბავშვს ჩავიხუტებთ, მისი ტვინი გამოყოფს „კარგად ყოფნის“ ნივთიერებას

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი