თბილისში, 84-ე მუნიციპალური საბავშო ბაგა-ბაღი დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება 5 წლის წინ აშენდა. ახლა კი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ იქ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი გარემოა.
აღსაზრდელებისთვის ალტერნატიულ სივრცედ ჯერჯერობით სხვა საბავშვო ბაღი შეირჩა - ბაღის აღსაზრდელები ნაძალადევში, მეზობლად მდებარე 56-ე სააღზრდელო დაწესებულებაში არიან შეხიზნულები. 84-ე ბაღი კი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საიტზეც არ იძებნება. skolamdelebi.ge-ს კი აღნიშნულ სააგენტოში განუცხადეს: „ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ ვაკეთებთ“.
ტელეკომპანია „ფორმულა“-ს ეთერში მშობლები ყვებიან, რომ კედელზე ბზარები დაწესებულების დირექტორმა შეამჩნია და შენობის საძირკველი დაზიანებულია. მშობლები ჩივიან, რომ შეერთებული ჯგუფების გამო ერთ ოთახში უამრავი ბავშვი იყრის თავს და ნორმალურად განათლებისა და საჭირო უნარების განვითარებაში ხელი ეშლებათ.
„შოკში ვარ, 6 წლის ბავშვი ბაგას ასაკის ბავშვებთან ერთად ზის. თქვენი აზრით, ეს ნორმალურია? ლოგიკაში ჯდება ეს? ფერების ცნობას ასწავლიან, როცა ბავშვს სასკოლო მზაობის დრო აქვს“, - ამბობს მშობელი.
კიდევ ერთი მშობელი კი ჩივის, რომ გაერთიანებულ ჯგუფში დღეში 48 ბავშვი დადის და ყველა რომ მივიდეს, მათი რიცხვი 100-სს მიაღწევს.
„56-ე ბაღში ისედაც 48 ბავშვი ირიცხებოდა ერთ ჯგუფში და ამას დამატებული 350 ბავშვი, უკვე კატასტროფაა ნამდვილად“, „ჩემი შვილი ბაგაშია 56-ე ბაღში, იდეალურად მოსწონდა გარემო, მასწავლებლები, მაგრამ რაც ამდენი უცხო ბავშვი შეუშვეს მათთან, ეშინია. ეშინია ხმაურის და აღარ უნდა ბაღში წასვლა, ბაგას ბავშვებთან 5-6 წლის ბავშვების შეშვება როგორ შეიძლება? ასეთი განუკითხაობა არ ვიცი როდემდე უნდა გაგრძელდეს“, - წერენ მშობლები სოციალურ ქსელში...
იხილეთ ასევე:
ერთი აღმზრდელი 15 ბავშვზე - რამდენი ბავშვი და რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს საბავშვო ბაღის ერთ ჯგუფში