საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ გვამცნო, რომ ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს - აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
მთავრობა გვპირდება, რომ საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება, მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა
სტანდარტის მიხედვით, ბავშვებს დღეში მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ ეზოში თამაშის შესაძლებლობა, ხოლო ძლიერი უამინდობის შემთხვევაში - ქარიშხალი, სეტყვა, ძლიერი ყინვა - შენობაში უნდა ითამაშონ. ასევე, ეზოში ყოფნისას თითოეული ბავშვი ჩაცმული უნდა იყოს ამინდის შესაბამისად.
როგორც skolamdelebi.ge-სთან ბაღების აღმზრდელები აღნიშნავენ, ბავშვების ეზოში გაყვანისგან იმიტომ იკავებენ თავს, რომ შესაბამისი და უსაფრთხო გარემო არ არის.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტში გაწერილია, როგორი უნდა იყოს დაწესებულების ეზო და რა უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ აღმზრდელმა პატარების უსაფრთხოდ გაყვანა შეძლოს.
როგორია ჰოლისტურად განმავითარებელი ეზო?
ფიზიკური განვითარებისთვის ეზოში ბავშვებმა უნდა შეძლონ სირბილი, ცოცვა, კოტრიალი, ხტომა, ჭენება, წონასწორობის შენარჩუნება, ჩამოკონწიალება, ქანაობა, სრიალი, გაჩოჩება, მიწოლა, რაღაცის ტარება, გადაადგილება, გადაწონვა და ა.შ.
რა გვჭირდება ეზოში?
ეზოს გარემოში შესაძლოა არსებობდეს სტაციონალური ან მობილური ელემენტები ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის. სტაციონალურში იგულისხმება სხვადასხვა ტიპის საფარები, საძრომიალო, სარბენი, ჩამოსახტომი სივრცეები, მობილურში კი - კუნძები, მორები, მცირე ზომის ურიკები, ხის კუნურები, ანუ ისეთი მასალა, რომლის გადაადგილებაც არის შესაძლებელი საჭიროებისამებრ.
სოციალური განვითარებისთვის ეზოში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი შესაძლებლობები: სოციალიზაცია, გაზიარება, სიცილი, პრობლემის გადაჭრა ერთობლივად და ა.შ.
ამისთვის ეზოში საჭიროა სასეირნო ბილიკები, მყუდრო სივრცეები საჩრდილობლით და სკამებით, სივრცეები მშვიდი თამაშისთვის, მდელო ან ბორცვი, სადაც მოკალათდებიან და თავისუფლად ითამაშებენ, ან ისაუბრებენ, სივრცეები კოოპერატიული საქმიანობებისთვის -ოჯახობანა, საქვიშე, კუბურებით თამაში, სცენისმაგვარი ამაღლებული ადგილი დასაჯდომებით, თვალს მოფარებული სივრცეები, ჯგუფური შეხვედრების ადგილი და ა.შ.
ემოციური განვითარებისთვის ეზოში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი შესაძლებლობები: ბუნებასთან ყოველდღიური შეხება, მცენარეების დარგვა და მათზე ზრუნვა, ხეების ქვეშ მშვიდი თამაში ან განმარტოება, ბუნებრივი მასალის შეგროვება, ბუნების მშვენიერების შეგრძნება, სეზონური ცვლილებების შეგრძნება.
ამისთვის ეზოში საჭიროა ხეხილის ბაღი, ბუჩქნარი, ბოსტანი, ტბორი, მინდორი, მდელო, ონკანი წყლის თამაშებისთვის, მცირე შადრევანი, სივრცე ღია მასალებით: კენჭებით, ქვებით, ხის ტოტებით, მცირე ზომის კუნძებით, ფოთლებით და ა.შ.
შემეცნებითი განვითარებისთვის ეზოში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შემდეგი შესაძლებლობები: მსჯელობა სხვადასხვა საკითხებზე, ახლის შექმნა, აშენება, აგება, ხატვა, დაკვირვება, ექსპერიმენტირება, არჩევანის გაკეთება, საქმიანობის დაგეგმვა, კვლევა, აღმოჩენა და ა.შ.
ამისთვის ეზოში საჭიროა „სახელოსნოს სივრცე“, სადაც დახატავენ, ააგებენ, ააშენებენ, გამოფენენ, ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის ნიადაგი - მიწა, ქვიშა, თიხ და წყალი.ექსპერიმენტებისთვის - ხეხილის ბაღი, ბოსტანი, ყვავილების ბაღი, ტბორი თევზებით, კუ, ცხოველები საგანგებოდ მათთვის მომზადებულ სახლებში, ან შემოღობილ სივრცეებში. ასევე, სათამაშო ხის სახლი, სადაც 5-6 ბავშვი დაეტევა, სივრცე დრამატული თამაშებისთვის, „მუსიკალური სივრცე“ - ხის კედელი, რომელზეც დამაგრებულია ძველი ქვაბები, ტაფები, ქვაბების სახურავები, ჩამოკიდებული ხისა და ლითონის დიდი კოვზებით და ა.შ.
იხილეთ ასევე:
მოსახლეობის უმრავლესობა საბავშვო ბაღს ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილად მიიჩნევს - კვლევის შედეგები