დღის თემა
etaloni.ge
რა ჯდება ერთი აღსაზრდელის კვება საბავშვო ბაღებში - 1219 აღსაზრდელიდან ყოველდღიურად ბაღში 900 დადის
02.02.2023

საბავშვო ბაღებში პატარების გამოკვების საკითხს მუნიციპალიტეტები თავად წყვეტენ. როგორც ირკვევა, თითო ბავშვის კვებისთვის ყოველდღიურად გამოყოფილი თანხა ზოგ მუნიციპალიტეტში 3 ლარიც არ არის, ზოგი კი 5 ლარამდე თანხას ხარჯავს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 1 აღსაზრდელის კვებისთვის დღეში 4.3 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში მთლიანი თანხაც დათვლილია - 36 საბავშვო ბაღში 1219 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ყოველდღიურად კი სააღმზრდელო პროცესს საშუალოდ  900 ბავშვი ესწრება. „კვების თანხა 2023 წელს გათვალისწინებული იქნება დღეში 4.3 ლარი, 180 დღეზე  სულ  700 000 ლარი“, - წერია დოკუმენტში.

თვითმმართველი ქალაქის, ფოთის 2023 წლის ბიუჯეტში სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში ბავშვთა კვებისათვის ერთ ბავშვაზე დადგენილია 2.8 ლარი დღეში, რომელიც განსაზღვრულია სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორის მიერ დამტკიცებული მენიუთი. „ბავშვთა კვების რაციონიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, დამტკიცებულ მენიუში დასაშვებია ერთ ბავშვზე გათვლილი კვების ღირებულების ცდომილება თეთრებით“, - წერია დოკუმენტში. ფოთში სულ 15 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესს 1634 ბავშვი გადის.

მუნიციპალიტების უმრავლესობას ერთი ბავშვის დღის კვების თანხა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტში მითითებული არ აქვს. ზოგ მუნიციპალიტეტში იციან, რამდენს ხარჯავენ ერთი ბავშვის კვებაზე, ზოგან თვის მიხედვით ანგარიშობენ ამ თანხას.

როგორც გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებაში გვითხრეს, თითოეული ბავშის კვება დღეში იქ 3.64 ლარი უჯდებათ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 37 საბავშო ბაღი, სადაც 2 100 აღსაზრდელი ირიცხება.

რა უჯდებათ ერთი ბავშვის კვება ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ჯერ არ იციან. როგორც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში გვითხრეს, 2022 წლის სექტებრის მონაცემებით, 1 ბავშვის კვება თვეში 30.13 თეთრი ჯდებოდა. 2023 წლის მონაცემები კი ჯერ არ აქვთ. „ნაშთები გვაქვს შემორჩენილი და იმით იკვებებიან ბავშვები. ჯერ ტენდერები არ დამთავრებულა და ზუსტად არ ვიცით, რა თანხა დაგვიჯდება თითო ბავშვის გამოკვება ამ წლის განმავლობაში, თუმცა, არ გვგონია, დიდად განსხვავებული იყოს წინა წლისგან. თუ წინა წელს თვეში 30.13 ლარი გვიჯდებოდა ერთი ბავშვის კვება, წელს შეიძლება 30.19 ლარი იყოს“, - გვითხრეს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

ინფორმაცია განახლებადია.

იხილეთ ასევე:

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

შეუძლია თუ არა მშობელს, ბავშვს სახლიდან მოუტანოს მზა საკვები?

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი