რა მოთხოვნები აქვთ კერძო საბავშვო ბაღებში თანამშრომლების ასაყვანად და რამდენია მათი ანაზრაურება, ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა საიტებზე გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით მოვიძიეთ.
ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღი, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარეობს, აღმზრდელსა და აღმზრდელის თანაშემწეს ეძებს. აღმზრდელის პოზიციის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებში მითითებულია ასაკი - 25-დან 55 წლამდე, უმაღლესი განათლება და ბაღში ან სკოლაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. აღმზრდელის ხელფასი 800 ლარით არის განსაზღვრული. აღმზრდელის თანაშემწის პოზიციის დასაკავებლად ასევე 25 დან 55 წლამდე ასაკის უნდა იყოთ, უმაღლესი განათლებითა და ბაღში ან სკოლაში მუშაობის 3 თვიანი გამოცდილებით. თანაშემწის ხელფასი 700 ლარია.
საბავშვო ბაღისთვის, რომელიც საბურთალოზე მდებარეობს, აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე 25-დან 55 წლამდე პირს ეძებენ და უპირატესობად ბაღში მუშაობის გამოცდილებას ჩათვლიან. აქ ხელფასი სრულ განაკვეთზე 600 ლარით არის განსაზღვრული.
კიდევ ერთ საბავშვო ბაღს, რომელიც ასევე საბურთალოზე მდებარეობს, აღმზრდელ-პედაგოგი ესაჭიროება. უნდა გქონდეთ ბაკალავრის დიპლომი, გამოცდილება კი საჭირო არ არის. გრძელვადიანი კონტრაქტით ხელფასი 800 ლარს შეადგენს. „საბავშვო ბაღში ვიწვევთ ენერგიულ, პოზიტიურ ქალბატონს წინა სასკოლო მოსამზადებელ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე. შაბათ-კვირა დასვენება“, - წერს ბაღი გამოცხადებული ვაკანსიის პირობებში.
აღმზრდელის, აღმზრდელის თანაშემწის და დიასახლისის ვაკანსია აქვს გამოცხადებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე კერძო საბავშვო ბაღს. აღმზრდელისა და აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე დასასაქმებლად აუცილებელია, იყოთ 23-დან 55 წლამდე ასაკის, გქონდეთ უმაღლესი განათლება და ბაღში ან სკოლაში მუშაობის გამოცდილება. აქ აღმზრდელს 700 ლარს უხდიან, აღმზრდელის თანაშემწეს 600 ლარს და დიასახლისს, რომლის ასაკი 50 წლამდე უნდა იყოს და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს, ასევე 600 ლარიანი ხელფასი ელოდება. სამივე პოზიციაზე, სახელფასო ანაზღაურება სრულ განაკვეთს ითვალისწინებს.
გურამიშვილის გამზირზე მდებარე კერძო საბავშვო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე დასასაქმებლად უნდა გქონდეთ უმაღლესი განათლება, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში და შემოქმედებითი უნარები. რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, უნდა გქონდეთ: მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ენერგიულობა, პუნქტუალურობა, ემოციური წონასწორობა, გუნდური მუშაობის უნარი და იყოთ შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური. ანაზღაურება სრულ განაკვეთზე აქ 600 ლარია.
ისანში მდებარე კერძო საბავშვო ბაღს ესაჭიროება აღმზრდელის თანაშემწე, რომელიც უნდა იყოს „ახალგაზრდა, ენერგიული, კომუნიკაბელური“. 8:30 საათიდან 19:30-მდე, შაბათის ჩათვლით, აქ ხელფასი 700 ლარია.
იხილეთ ასევე: