მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში ახალი პროგრამის დაწყება დაანონსა, რომლის მიხედვითაც, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. სულ 330 ახალი საბავშო ბაღი უნდა აშენდეს და 555-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს 20 საბავშო ბაღის აშენებაა დაგეგმილი, რისთვისაც 79 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ნაწილობრივ ცნობილია იმ საბავშვო ბაღების ადგილები, სადაც ახალი საბავშვო ბაღები უნდა აშენდნენ.
4 საბავშო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. ოთხ სოფელში - ჭითაწყაროში, რუხში, დარჩელსა და შამგონაში ახალი ბაღები 16 მილიონი ლარი დაჯდება.
ჭითაწყაროში და რუხში - 100 ბავშვზე, დარჩელში - 180, ხოლო შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება.
2 საბავშვო ბაღი აშენდება თელავის მუნიციპალიტეტში. სოფელ კურდღელაურსა და სოფელ ვარდისუბანში 180 ბავშვზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 2023 წლის ბოლომდე უნდა მოეწყოს. ამ ორი ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 7 მილიონი ლარით დააფინანსებს.
ახალი საბავშვო ბაღი აშენდება ასევე ქალაქ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, რომელიც 180 ბავშვზე იქნება გათვლილი და მისი მშენებლობა 3 მილიონი ლარი დაჯდება.
„მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღების აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან... მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა“, - იტყობინება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
იხილეთ ასევე:
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა
სოფლები, სადაც სკოლამდელი დაწესებულება პირველად ამოქმედდა - ამ ბაღებში კი ჭერი და იატაკი გამოცვალეს