„ბაღში შარშან ბავშვები ეზოში გაჰყავდათ. წელს სხვა ჯგუფში გადაიყვანეს და ამ მასწავლებელს საერთოდ არ გაჰყავს. შეიძლება ასე?“ - მოგვწერა თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელმა, რომელიც ამ ფაქტით აშკარად შეწუხებულია.
აქვს თუ არა საბავშვო ბაღს ვალდებულება, ბავშვები ეზოში გაიყვანოს?
როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტში ვკითხულობთ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება ვალდებულია, იზრუნოს თითოეული ბავშვისა და თანამშრომლის ფიზიკური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. ამ სტანდარტის ინდიკატორების მიხედვით კი, ბავშვებს დღეში მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეთ ეზოში თამაშის შესაძლებლობა. ხოლო ძლიერი უამინდობის შემთხვევაში - ქარიშხალი, სეტყვა, ძლიერი ყინვა - შენობაში უნდა ითამაშონ. ასევე, ეზოში ყოფნისას თითოეული ბავშვი ჩაცმული უნდა იყოს ამინდის შესაბამისად.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში კი არის შემდეგი სახის ჩანაწერი:
„ხშირად, აღმზრდელ-პედაგოგები და აღმზრდელები თავს იკავებენ ბავშვების ეზოში გაყვანისგან. მიზეზად კი მშობელთა უკმაყოფილებას ასახელებენ. მშობელთა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ჯანმთელობის საკითხებში, სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უნდა განვუმარტოთ მათ, რომ ბავშვებისთვის სუფთა ჰაერზე ყოფნა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება და ძილი“.
ამავე სტანდარტის მიხედვით, დაწესებულების ეზო დაფარული უნდა იყოს სხვადასხვაგვარი საფარით - ბუნებრივი ბალახის საფარი ნარგავებით, სწორი ზედაპირი სარბენად ან ბორბლიანი სათამაშოებისთვის, ქვიშის საფარი, ნიადაგი დასამუშავებლად...
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვის შექმნილ სახელმძღვანელოში, „გარემო, რომელსაც უყვარს ბავშვი“, ვკითხულობთ:
„ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად, სუფთა ჰაერზე ყოფნა, საუკეთესო საშუალებაა. შეეცადეთ, რაც შეიძლება ბევრი დრო გაატარონ ბავშვებმა ჰაერზე. კარგ ამინდში შეგიძლიათ სასწავლო პროცესი მთლიანად ეზოში გადაიტანოთ. დაგეგმეთ გასვლითი აქტივობები ტყეში, გაიყვანეთ ბავშვები ბუნებაში, ბევრი ესაუბრეთ სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისთვის“.
ამავე სახელმძღვენელოში აღნიშნულია, რომ ბაღის ეზო ის ადგილია, სადაც ჯანსაღი ცხოვრების ნორმების დაცვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. რაც გამოიხატება იმ ინვენტარის უსაფრთხოეებაში, რომელიც ეზოშია:
„ინვენტარი, რომელიც ეზოში გვაქვს, უნდა იყოს გამართული და მუშა მდგომარეობაში. ასევე მნიშვნელოვანია, ეზოში არსებული საქვიშეების გადახურვა, რათა იმ დროს, როცა ბავშვები არ თამაშობენ, ქვიშა ცხოველებმა და ფრინველებმა არ დააბინძურონ. ზოგადად, ბაღის ეზო ისე უნდა იყოს შემოღობილი, რომ საკმარისად დაცული იყოს ქუჩის ცხოველებისგან. საყურადღებოა ეზოს მცენარეებიც. დაუშვებელია ეზოში გვქონდეს ისეთი მცენარეები, რომელთა ნაყოფი, ყვავილის მტვერი, ან სუნი მომწამლავია. ასევე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ბავშვის ალერგიული ფონი ეზოს მცენარეების მიმართ“.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში ბაღის ეზოსთან დაკავშირებით გვხვდება ასეთი ჩანაწერიც:
„ზოგიერთი ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების პროგრამის მიხედვით, შეუძლებელია ბავშვებს ეზოში თავისუფლად გასვლის ნება დავრთოთ. ამ შემთხვევაში ეზო დღის განრიგის კომპონენტი ხდება, რომლის დროსაც ჯგუფის ბავშვები ეზოში სათამაშოდ გადიან. ამ დროს ბავშვები იმავე საქმიანობით არიან დაკავებულები, როგორც „თამაშის“ კომპონენტში, ერთადერთი განსხვავებით, რომ ეს საქმიანობები ეზოში ხორციელდება, ანუ ბავშვები ეზოში თამაშობენ“.
ახალი რეგულაციის მიხედვით კი, ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელსაც საკუთარი ეზო არ აქვს.
იხილეთ ასევე:
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა