დღის თემა
etaloni.ge
„მშობელმა აღმზრდელს უნდა უთხრას, რისთვის უდევს პატარას ეს ჩანთაში“ - რის მიტანა ევალება მშობელს საბავშვო ბაღში
31.01.2023

რის მიტანა ევალება მშობელს საბავშვო ბაღში? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გურჯაანის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნატა რუაძეს ადგილობრივმა ჟურნალისტმა ჰკითხა - ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?

როგორც skolamdelebi.ge-მ გაარკვია, ერთადერთი, რაც მშობელმა თავისი შვილისთვის გამოსაყენებლად უნდა მიიტანოს სააღმზრდელო დაწესებულებაში, ეს არის პამპერსი. ზოგ ბაღში კი სველი ხელსახოცის მიტანასაც ითხოვენ.

როგორც თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი გვიყვება, ძირითადად, ბაგაში მყოფი ბავშვების მშობლებს ევალებათ პამპერსის მიტანა. ბაღში ყველა ბავშვს საკუთარი კარადა აქვს, სადაც მისი ჩანთა დევს. მშობელი პატარას ამ ჩანთაში უდებს გამოსაცვლელ ტანსაცმელს და პამპერსს.

შეიძლება თუ არა, სხვა ბავშვის პამპერსი სხვას ჩააცვას აღმზრდელმა? ამ კითხვაზე ბაღის თანამშრომელი პასუხობს:

„3-4 წლიან ჯგუფებში უკვე აღარ ევალებათ პამპერსის მოტანა, თუ ბავშვი არ ისველებს. სხვისი პამპერსი გვიხმარია, როცა არ ჰქონია, ვისაც სჭირდებოდა. მშობელს უნდა უთხრა, რომ მისი შვილის პამპერსი მოახმარე სხვას და მოუტანს იმ ბავშვის მშობელი, ვისაც ახმარე. ვინც უნდა მოიტანოს, მას უნდა აჩვენო, როგორი პამპერსი მოახმარე მის შვილს, რადგან შეიძლება იმ ბავშვს ალერგია ჰქონდეს და სხვაგვარი პამპერსის ჩაცმა არ შეიძლებოდეს“.

თუ მშობელმა ბავშვს გამოსაცვლელი სამოსი არ მოუტანა, ბაღის თანამშრომლები გამოუვალ სიტუაციაში ვარდებიან. როგორც აღმზრდელი ამბობს, მისთვის, ვისაც სამოსი დაესვარა, სხვა ბავშვის სამოსის გამოყენების უფლება არ აქვთ.

„თუ შემთხვევით დაესვარა საცვალი, სხვისას ვერ ჩააცმევ, არ შეიძლება. შეიძლება რომელიმე ბავშვს ჭია ჰყავს ან რამე დაავადება აქვს და არაფრით უნდა დაუშვა, სხვისი ჩააცვა. ამას წინათ, დავურეკეთ ერთის მშობელს და ვკითხეთ, ნებას თუ დაგვრთავდა, მისი შვილისთვის სხვისი შარვალი ჩაგვეცმია და უარი გვითხრა. მოვიდა და წაიყვანა - სხვა ბავშვის შარვლის ჩაცმაზეც კი უარი თქვა, რადგან ექიმია და იცის, რომ არ არის რეკომენდირებული. თუ გამოუვალი სიტუაციაა, ვისიც არის, იმ ბავშვის მშობელიც აუცილებლად უნდა ჩააყენო საქმის კურსში და ნებართვა აიღო. ჯგუფში 49 ბავშვი გვყავს. ამ კვირას 33 დადიოდა. ამდენ ბავშვებში გერევა, ვინ შევიდა ტუალეტში და ვინ არა. ორი აღმზრდელი რას გახდება - უნდა აუწიო, გაუსწორო...

კიდევ ერთი, რასაც მშობლებს ვთხოვთ, ბაღში მოიტანონ, სველი ხელსახოცია. ბაღს არ აქვს სველი ხელსახოცის რესურსი. არადა, სულ გვჭირდება. მაგალითად, გუაშებით რომ ხატავენ, ჯერ სველი ხელსახოცით ვუწმენდთ და მერე ვბანთ. ზოგს მოაქვს, ზოგს - არა“, - გვითხრა ბაღის აღმზრდელმა.

კიდევ ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი თბილისიდან skolamdelebi.ge-სთან ყვება, რომ მშობელმა, რომელსაც საბავშვო ბაღში ბავშვისთვის პამპერსი მიაქვს, მათ უნდა უთხრას, რა დროს სჭირდება პატარას მისი ჩაცმა.

„მშობელს პამპერსის გარდა სხვა ვერაფრის მოტანას დაავალებ, არ შეიძლება. საჭმელი, სასმელი, ჰიგიენური საშუალებები - ყველაფერი გვაქვს. მე რომ ბაღში დამყავდა ჩემი შვილი, დაახლოებით 10 წლის წინ, პირსახოციც მიმქონდა, სკამიც ვუყიდე, ჭიქაც და ყველაფერი. ახლა მხოლოდ იმ მშობელს ევალება პამპერსის მოტანა, ვისი შვილიც ისველებს. ზოგს პამპერსს მხოლოდ მაშინ ვაცმევთ, როცა ვაძინებთ. მშობელს უნდა ჰქონდეს შენთვის მოწოდებული ინფორმაცია, რომ იცოდე, რისთვის სჭირდება ის პამპერსი, რა შემთხვევისთვის იყენებ. თუ რომელიმეს დაავიწყდება მოტანა, ვისაც ზედმეტი აქვს, მისგან ვთხოულობთ და საქმის კურსში ვაყენებთ ორივეს მშობელს. შეიძლება დაავიწყდეს მშობელს მოტანა, თორემ უარი რომ თქვას, არ მოვიტანო, ასე არ არის“, - ამბობს ბაღის აღმზრდელი, რომელსაც უკვირს სოციალურ ქსელში გავრცელებული ამბები, რომლის მიხედვითაც, მშობლებს ბაღში სხვადასხვა ნივთების მიტანას სთხოვენ.

„სველ ხელსახოცებს არ ვითხოვთ. სოციალური ქსელის ზოგ ჯგუფში ისეთებს წერენ მშობლები, ეს და ეს მოითხოვესო, გადარევა შეიძლება. ნეტავ იცოდეთ, რა პირობებია, არანაირი ვალდებულება არ აქვთ, თავზე დაჰფოფინებს ყველა ბავშვსაც და მის მშობელსაც. შესანიშნვაი კვებაა და - ყველა საშუალება. სველი ხელსახოცი არ გვჭირდება - ცხელი წყალი მოდის, სითხეც გვაქვს და ხელსახოცებიც. წყალს ერთჯერადი ჭიქებით ვასმევთ, როლმელსაც მერე ვყრით. ყველა ოთახშია შხაპი, რომ ბავშვი  ჩაბანო. მშობელი თუ ჩაუდებს თვითონ სველ ხელსახოცს, თორემ მოთხოვნით არავის ვთხოვთ, არ არის მაგის საჭიროება.

მშობლები რომ არ შეგვეწუხებინა, ბუშტებიც კი არ ვაყიდინეთ ახალ წელს. ჩვენ შევკრიბეთ 5-5 ლარი და მოვრთეთ ყველაფერი. ჩვენვე გვინდოდა, რომ ყველაფერი ლამაზი ყოფილიყო და ბავშვები გაგვეხარებინა. ზოგს მართლა არ აქვს ის 5 ლარიც კი. შეგვეძლო, ჯგუფში დაგვეწერა, თითო ბუშტი გამოატანეთ ბავშვსო და ესეც კი არ გავაკეთეთ, ჩვენ შვკრიბეთ ამ მწირი ხელფასის პირობებში. ყველანაირად ვცდილობთ, მშობელი არ შეწუხდეს და 1 ლარიც კი არ დახარჯოს ზედმეტი“, - გვითხრა ბაღის აღმზრდელმა.

იხილეთ ასევე:

„ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?“ - კითხვა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს

„მასწავლებლები საშინელ დღეში ვართ, პატარებს ჩვენთან მოსვლა და ჩახუტება უნდათ“, - რაში ადანაშაულებენ აღმზრდელები მშობლებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი