დღის თემა
etaloni.ge
„კომპანიამ, რომელმაც საბავშვო ბაღებისთვის ტენდერი მოიგო, პროდუქტი შეცვალა“ - დარჩნენ თუ არა ბავშვები რძის პროდუქტების გარეშე
30.01.2023

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისთვის გამოცხადებული ტენდერი გასული წლის დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთმა კომპანიამ მოიგო, რომელსაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები 2023 წლის განმავლობაში რძისა და რძის პროდუქტებით უნდა მოემარაგებინა. გამარჯვებულ კომპანიას კონკურენტმა უჩივლა და განაცხადა, რომ მათ საბავშო ბაღებში რძის ფხვნილით დამზადებული მაწონი შეჰქონდათ.  

რძის პროდუქტების შესასყიდად 600 000-ლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული. გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სატენდერო კომისიამ ბათილად სცნო გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, თუმცა, როგორც ირკვევა, რძის პროდუქტები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჯერჯერობით ისევ ამ კომპანიას შეაქვს.

,,მაწონი დამზადებული უნდა იყოს პასტერიზებული, ნორმალიზებული ნედლი რძისაგან, რაც გულისხმობს იმას, რომ მაწვნის შემადგენლობაში არ უნდა იყოს მშრალი რძე, იგივე რძის ფხვნილი. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ნიმუშზე კი აშკარად ჩანს, რომ მაწვნის დასამზადებლად მას გამოყენებული აქვს როგორც ნედლი რძე, ისე მშრალი უცხიმო რძე, რაც აშკარად ეწინააღმდეგება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პარამეტრებს“, - წერია კონკურენტი კომპანიის საჩივარში.

რა ხდება საბავშვო ბაღებში - რძის პროდუქტების გარეშე დარჩნენ თუ რძის ფხვნილით დამზადებულს მიირთმევენ პატარები? ამ კითხვით  skolamdelebi.ge-გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული პრობლემა აღსაზრდელებზე არ აისახება.

„ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ არის და აღსაზრდელები იმ პროდუქტებს იღებენ, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს კომპანია თებერვლის ბოლომდე შეიტანს რძის პროდუქტებს საბავშვო ბაღებში. ახლა შედის მაწონი, რომელიც ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამავე კომპანიამ პროდუქტი შეცვალა და შესაბამისი  ექსპერტიზის დასკვნაც წარმოგვიდგინა. ნამდვილად გამოცვლილია, არ შეიცავს რძის ფხვნილს და დამზადებულია ნედლი რძისგან. თებერვლის ბოლომდეა ეს ხელშეკრულება გაფორმებული, მერე კი შეიცვლება“, - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საბავშვო ბაღების სააგენტოს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნუგზარ კოჭლაშვილმა, რომელიც განმარტავს, რომ არ იცის, როგორ მოხდა იმ კომპანიის ტენდერში გამარჯვება, რომელიც ცდილობდა, საბავშვო ბაღებში ის პროდუქტი შეეტანა, რომელიც ნებადართული არ არის.

„ტენდერი გასაჩივრდა და რადგან პროცედურები შეჩერდა, ბაღები რომ არ დარჩენილიყვნენ ამ პროდუქტის გარეშე, სააგენტომ, გადაუდებელი აუცილებლობით აიღო ნებართვა შესყიდვების სააგენტოსგან და ხელშეკრულება თებერვლის ბოლომდე გაუფორმა მათ იმ პირობით, რომ შესაბამის დასკვნას და პროდუქტს წარმოადგენდნენ. სატენდერო გადაწყვეტილებას არ გავცნობივარ და ვერაფერს გეტყვით გადაწყვეტილების შინაარსზე“, - გვითხრა სააგენტოს იურისტმა.

გორში 132 მუნიციპალური საბავშვო ბაღია, სადაც 9 664 აღსაზრდელი ირიცხება.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში მშობლები ულუფების გაცემის პროცესს ესწრებიან - „შემდეგ საწყობში გადაინაცვლეს, სადაც პროდუქტები მომზადებამდე ინახება“

შემოწმდა საკვების მომზადებისა და ჯგუფში ულუფების გაცემის პროცესი - როგორ ამოწმებენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღებს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი