დღის თემა
etaloni.ge
„ბაღები კვლავ რჩება გამოწვევად“ - მთავრობამ გეგმა წარმოადგინა
30.01.2023

ქვეყანაში ახალი პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.

აღნიშნული საკითხი, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის კი 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

მთავრობა გვპირდება, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება.

„ვიწყებთ საბავშო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას. ქვეყნის მასშტაბით 1668 საბავშვო ბაღია, სადაც 154 501 აღსაზრდელია და  17 194 პედაგოგია ჩართული. ბოლო წლებში, მიუხედავად მასშტაბური პროგრამებისა და პროექტებისა, რომლებიც განხორციელდა საბავშვო ბაღებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს კვლავ რჩება გამოწვევად და 885 ბაღი, ეს არის ის ბაღები, რომლებიც ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია“ , - ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომლმაც ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წელს მხოლოდ 20 საბავშვო ბაღის აშენება-რეაბილტაცია იგეგმება და ამ პროცესს მისი უწყება წარმართავს.

იხილეთ ასევე:

ბაღის თანამშრომელთა ხელფასები ეროვნულ საშუალო თვიურ ხელფასს 2030 წელს გაუთანაბრდება - მთავრობის გეგმა



დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი