დღის თემა
etaloni.ge
„ასეთი რამ სახლში არასოდეს მიცდია“ - ბაღის აღმზრდელი პატარების აღმოჩენებზე
27.01.2023

„პატარები ყველაზე მეტად სოდის და ძმრის რეაქციამ აღაფრთოვანა. შედარება გააკეთეს და დაუკავშირეს დუღილს, მაგრამ ხელით მოსინჯვის შემდეგ გამოიტანეს დასკვნა, რომ დუღილი სულაც არ იყო ეს პროცესი, რადგან მასა იყო ცივი“, - უთხრა skolamdelebi.ge-ს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, შორენა ჯაყელმა.

ბავშევბის აღმოჩენებისა და აღფრთოვანების მიზეზი ბაღში დაგეგმილი გემრიელი აქტივობა, ორცხობილების გამოცხობა გახლავთ. როგორც აღმზრდელი ყვება, პატარების სიხარულმა ბაღის თანამშრომლები და მშობლებიც გააბედნიერა.

„ბავშვები ძალიან  გაამხიარულა ცომის მოზელვის პროცესმა. აკვირდებოდნენ სხვადასხვა ინგრედიენტების  შერევით როგორ მიიღეს ერთგვაროვანი მასა, რომელიც გააიგივეს საძერწ მასალასთან. ცომის დაგუნდავება თავიანთი პატარა ხელებით კი უფრო საინტერესო იყო მათთვის. ცდილობდნენ, ცომის პატარა ბურთულები მიემსგავსებინათ სხვადასხვა ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებისთვის და ადარებდნენ თავიანთ დამუშავებულ ბურთულებს ერთმანეთს.

შემდეგ ზღაპარი დავწერეთ ჩვენი ფანტაზიით ამ გამოსახულებების მიხედვით. აქტივობის თემად კულინარია და წითელქუდას ზღაპარი გვქონდა გაერთიანებული. ყველაზე ემოციური მაინც ორცხობილა „კაკლის“ აწყობა და დაგემოვნება იყო. ისმოდა სხვადასხვა ფრაზები - „ასეთი რამ სახლში არასოდეს მიცდია“, „დღეს მე დედას დავეხმარები და ერთად გამოვაცხობთ ორცხობილებს“, „მასწავლებელო, შეიძლება ეს ფორმა გვათხოვოთ, მე და დედამ რომ სახლში დავამზადოთ?“

ბედნიერი ბავშვების თვალებსა და გამოხედვაზე კარგი სანახავი არაფერია. ისეთი ზღვა ემოციებით დაბრუნდნენ სახლში, მშობლები გვწერდნენ მადლობის წერილებს მათი შვილების გაბედნიერებისთვის. მათი სიხარული კი რა თქმა უნდა, გადამდებია ჩვენთვისაც“, - გვითხრა შორენა ჯაყელმა.

იხილეთ ფოტოგალერეა:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი