„სუფთა ჰაერზე სეირნობისა და მზის სხივების ზემოქმედების გარეშე ბავშვი სრულფასოვანი ვერ გაიზრდება. ზოგ ოჯახში ფარდები ისეა ჩამოფარებული, თითქოს კინოში ფილმი გადიოდეს. ეს დაუშვებელია. საერთოდ არ ვთვლი ფარდის ჩამოფარებას აუცილებლად გარდა იმ სიტუაციისა, როდესაც შემაწუხებელი სიცხეა“, - ამბობს ექიმი-პედიატრი მარინა ტოტოჩავა.
ექიმის განმარტებით, მზის სხივები ბავშვს დაბადებისთანავე სჭირდება, რადგან მის გარეშე დე ვიტამინი ორგანიზმში ვერ წარმოიქმნება. ეს ვიტამინი კი აუცილებელია ორგანიზმისთვის.
„მზის სხივების გარეშე ორგანიზმში დე ვიტამინი არ წარმოიქმნება. დე ვიტამინის გარეშე კალცით ვერ მომარაგდება ორგანიზმი. კალცის გარეშე კი, პირდაპირ რომ ვთქვათ, ორგანიზმი იშლება. დე ვიტამინი ჰორმონების წარმოქმნის პროცესებშიც მთავარ როლშია. ჰორმონები კი მართავენ ჩვენს ჯანმრთელობას და საერთოდ, ჩვენს ცხოვრებას. დე ვიტამინს შეჰყავს ორგანიზმში ის ელემენტები, რომლებიც განაპირობებენ სისხლძარღვების მდგრადობას. არამდგრადი სისხლძარღვი არის რომელიმე მძიმე დაავადების უპირობო შანსი. დე ვიტამინი ამაგრებს ძვალსა და კუნთს. მზე კლავს მიკრობებს, სოკოებს, ბაქტერიებს, რომლებიც ჩვენს ეპოქაში ისეა გავრცელებული, რომ მუდმივი ომი აქვთ მოსახლეობასთან გამოცხადებული. თითქმის ყველა დაავადებას კი მიკრობები და სოკოები იწვევენ.
ბავშვი სრულფასოვანი ვერ გაიზრდება, დღეში მინიმუმ ნახევარი საათით მაინც მზის აბაზანა თუ არ მიიღო. მოგიყვანთ ორ, ქათმების და ბოცვრების მაგალითს. ორივე სახეობა ბუნებრივი, ნატურალური საკვებით იზრდებოდა. მაგრამ მათგან ერთი მზის სინათლის ქვეშ იზრდებოდა, მეორე კი - სიბნელეში. ფიზიკურად კუნთგალეული, რაქიტული და სუსტი იყვნენ სიბნელეში გაზრდილი ბოცვერი და ქათამი. ხოლო ისინი, რომლებიც მზის სინათლეზე იზრდებოდნენ - ძლიერი და კუნთმაგარნი“, - ამბობს პედიატრი.
როგორ უნდა მიიღოს ორგანიზმმა ჩვილობის ასაკიდან მზის სხივები და რა წესები უნდა დაიცვან მშობლებმა, ამის შესახებ მარინა ტოტოჩავა განმარტავს:
„თუ ბავშვი ზაფხულის პერიოდში დაიბადა, დაბადებიდან პირველივე დღეებში შეიძლება მისი გარეთ სეირნობა. ადრე, პედიატრიის სახელმძღვანელოებში მითითებული იყო, რომ ბავშვი თუ ზაფხულშია დაბადებული, ღია ფანჯარასთან დააძინეთო. ეს არ მიმაჩნია მართებულად. ძილის დროს უმჯობესია, მისი გვერდითი ოთახის ფანჯარა იყოს ღია. მით უმეტეს, საშიშია უშუალოდ ფანჯარასთან ძილი. ჩვილი ბავშვი ჯერ ადაპტირებული არ არის გარემოსთან. ჰაერის ნაკადის პირდაპირი ზეწოლა და ცვლილება მისი ნერვული წნულის ზიანს გამოიწვევს.
ზამთარში დაბადებული ბავშვი სასეირნოდ ორი ან სამი კვირის შემდეგ უნდა გაიყვანოთ, მაგრამ ჯერ ფხიზელ მდგომარეობაში, ღია ფანჯარასთან, უნდა მივაჩვიოთ ცივ ჰაერს. ჩვილი ბავშვის ყოველი გასეირნება ზამთარში ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს. თბილ ამინდებში, ჩვილმა ბავშვებმა, დღის დიდი ნაწილი ჰაერზე უნდა გაატარონ. ბავშვისთვის ასევე აუცილებელია ჰაერის აბაზანები. ზამთარიც რომ იყოს, ჩვილი რამდენიმე წუთი უნდა გავაშიშვლოთ, რათა სრულად, მთელმა ორგანიზმმა მიიღოს ჟანგბადი. ზაფხულში ღია ფანჯარასთან უნდა მოხდეს ჰაერის აბაზანების მიღება შიშველ ტანზე. ჩვილებში ჰაერის აბაზანებს თანდათან უნდა დავამატოთ წუთები. ერთი წლიდან ასეთი ჰაერის აბაზანა, დღეში ორჯერ მაინც სჭირდება ორგანიზმს“.
იხილეთ ასევე:
როგორ ამოვიცნოთ ბავშვებში ჯანსაღი და არაჯანსაღი კვებითი ჩვევები - რეკომენდაციები
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩუტყვავილას გამონაყარი ბავშვს შრამად არ დარჩეს - ექიმის რჩევები