ახალი რეგულაციებით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოქცევაა დაგეგმილი, რაც კვების რაციონის, ინფრასტრუქტურის, ოჯახისა და თემის ჩართულობის და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის გაკონტროლებას ითვალისწინებს. მაგალითად, ფუქციონირებას ვეღარ შეძლებს ბაღი, რომელსაც საკუთარი ეზო არ აქვს და ა.შ.
ბაღების ერთიან ელექტორნულ ბაზაში რეგისტრაციის პროცესი უკვე დაიწყო და 31 მარტამდე გაგრძელდება. ვინც რეგისტრაციას არ გაივლის, სკოლამდელი დაწესებულების საქმიანობის გაგრძელების ან დაწყების უფლება აღარ ექნება. ბაღებისთვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება.
საბავშვო ბაღს, რომელიც რეგისტრაციის პროცესს გაივლის, ავტორიზაციამდე, მიეცემა გარკვეული პერიოდი მოსამზადებლად. ამ დროში კი ბაღებმა თვითშეფასება უნდა განახორციელონ და გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად.
ბაღების რეგისტრაცია ავტორიზაციის პროცესის უზრუნველყოფაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მუშაობს.
„ბაღების თვითშეფასება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ორი კუთხით. პირველი ის, რომ თვითონ ბაღი დაინახავს საკუთარ გამოწვევებს და საკუთარ მიღწევებს სტანდარტთან მიმართებაში. შესაბამისად, შეიძლება, სამომავლოდ საქმიანობა უკეთესად დაგეგმოს. უკვე ეცოდინება, საითკენ უნდა მიმართოს ძალისხმევა, ხოლო მეორე მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული მონაცემების ანალიზი უკვე სისტემას მისცემს საშუალებას, რომ ჰოლისტურად დაინახოს, რა გამოწვევები და რა მიღწევებია სისტემაში და მოახდინოს შესაბამისი გამოწვევების პრიორიტეტიზაცია და შესაბამისად დაგეგმოს მხარდამჭერი აქტივობები“, - თქვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ხითარიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე კი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურისა და კვების სტანდარტის გარდა, გადამწყვეტი როლი ენიჭება აღმზრდელად დაქირავებული პირების კვალიფიკაციასაც, რომელმაც უნდა შეძლოს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი გარემოს შექმნა.
„მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბავშვებს ამ ბაღებში ჰქონდეთ ყველა ის პირობა, რაც მათი განვითარებისათვის არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური საჭიროებები და ინდივიდუალური ყურადღება ბავშვის მიმართ. ასევე, გადამწყვეტია აღმზრდელ-პედაგოგის კვალიფიკაცია. პედაგოგს უნდა შეეძლოს ამ ახალი მეთოდებით და სტანდარტებით მიაწოდოს ბავშვებს განათლება და განვითარებისათვის საჭირო ის უნარები, რომელიც ბავშვებს სჭირდებათ“, - ამბობს მაია ქურციკიძე.
კერძო და საჯარო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2030 წელს უნდა დასრულდეს.
იხილეთ ასევე:
რა შემთხვევაში აღარ ექნება საბავშვო ბაღს საქმიანობის უფლება - პრეზიდენტის ბრძანება
საბავშვო ბაღების თვითშეფასება 600 000 ლარი დაჯდება