დღის თემა
etaloni.ge
გემრიელი აქტივობა, რომლის განხორციელებაც საბავშვო ბაღში აღმზრდელს ბავშვებთან ერთად შეუძლია - რეცეპტები
26.01.2023

საბავშვო ბაღებში კულინარიის თემა აქტიურად განიხილება. სკოლამდელი აღზრდის ბევრ დაწესებულებაში აღმზრდელები პატარებთან ერთად ამზადებენ სხვადასხვა ფორმის ორცხობილებს.

გემრიელი აქტივობა ყველა ბავშვისთვის საყვარელი საქმიანობაა. პატარები შეფების ქუდებს ირგებენ და გემრიელ ნამცხვრებს აცხობენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შექმნილ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში მოცემულია მითითებები, როგორ უნდა ჩაატაროს აღნიშნული აქტივობა ბაღში აღმზრდელმა და რა რეცეპტი გამოიყენოს.  

როგორ გამოვაცხოთ საბავშო ბაღში ნამცხვარი პატარებთან ერთად

გაითამაშეთ ზღაპარი, თან წაახალისეთ ბავშვები, გაიმეორონ თქვენი მოქმედებები.

ბავშვებს შეგიძლიათ, ასე მიმართოთ: ვის უნდა გამოაცხოს ნამცხვარი? ყველა მცხობელი ახლოს მომიჯდეს! მოდი, ვნახოთ! გვჭირდება მიქსერი, ორი თასი, საზომი ჭიქა და კოვზები, ასევე ნამცხვრის ფორმა...

ღილი ორცხობილები

დაახლოებით 60 ცალი ღილისთვის დაგჭირდებათ: 150 გრამი ცივი კარაქი, 75 გრამი შაქრის პუდრა, 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი, საშუალო ზომის 1ცალი კვერცხი, ცოტა მარილი, 275 გრამი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი კაკაო.

ჯამში მოათავსეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, დაუმატეთ შაქრის პუდრა, შაქრიანი ვანილი, კვერცხი, მარილი, ფქვილი და ცომის საზელი მიქსერით მოზილეთ. შეგიძლიათ ხელითაც მოზილოთ. ცომი გაყავით შუაზე და ერთ ნახევარში კაკაო შეაზილეთ. ორივე ცომი დაამრგვალეთ, თხელ ფოლიოში გაახვიეთ და 1 საათით მაცივარში შედგით.

ღუმელი 175 გრადუსზე გაახურეთ. დაგჭირდებათ სამი „ჟარონი“, რომელზეც უნდა დააფინოთ საცხობი ქაღალდი - ფოლგა. ცომისგან გააკეთეთ პატარა ბურთები, გააბრტყელეთ და „ჟარონზე“ ერთმანეთის მოშორებით დააწყვეთ. შემდეგ ბოთლის თავსახურით გაუკეთეთ შიდა რკალი. ჩხირით ან ასანთის ღერით გაუკეთეთ სამი ნახვრეტი. ნამცხვარი საშუალო ტემპერატურაზე 10-12 წუთი ცხვება. ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ.

„პეჩენიის“ და შოკოლადის კარაქის ნამცხვარი „შოკოლადის კორპუსი“

ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა და ზედ ერთ რიგად დაალაგეთ „პეჩენიები“. შოკოლადის კარაქი შეათბეთ და თხლად წაუსვით „პეჩენიის“ ფენას. ახლა მეორე რიგი „პეჩენიები“ დააწყვეთ და წაუსვით ზედ შოკოლადის კარაქი. რამდენიმე რიგი გამოვა. გამზადებული ნამცხვარი 2-3 სააათით საყინულეში შედგით. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და პატარებთან ერთად დააგემოვნეთ.

აუცილებლად ჩართეთ პატარები ნამცხვრების მზადების პროცესში. გარდა იმისა, რომ ამ აქტივობით სხვადასხვა უნარის გააქტიურებას შეუწყობთ ხელს, მათ ბედნიერ სახეებსაც იხილავთ.

იხილეთ ასევე:

სახლის აშენება პლასტელინის და მაკარონის გამოყენებით

როგორ დავამზადოთ „სენსორული ბალიშები“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი