ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს მიერ, 2021 წლიდან 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ჩატარებული შემოწმების შედეგად, 77 სათამაშოს რეალიზაცია შეუჩერდა.
ტყლარწები, მუსიკალური სათამაშოები, საბავშვო ფრჩხილის ლაქები - ამ სათამაშოების ლაბორატორიულმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ზოგი მათგანი შეიცავდა საღებავს, რომელიც სასუნთქი გზების დახშობას იწვევს, ზოგი კი - ტყვიას, რომელიც 96%-ით აღემატებოდა რეგულაციებით დადგენილ ზღვარს და ა.შ.
ხშირ შემთხვევაში, ამ პროდუქციის მწარმოებელი კომპანია უცნობია. სათამაშოების უმეტესობას, რომელიც რეალიზაციიდან ამოიღეს, ხარისხის ნიშანი და კომპანიის ეტიკეტიც საერთოდ არ აქვს.
„კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრები შეიცავს 191.8 მგ/კგ ტყვიას, რაც 95.9-ჯერ აღემატება დასაშვებ ლიმიტს. ეკონომიკურ ოპერატორს დაევალა აღნიშნული სათამაშოს გამოთხოვა... მუსიკალური სათამაშოს ქსილოფონის ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს ძვრება საღებავი, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი გზების დახშობა და ბავშვის გაგუდვა, ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამწლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება და შესაბამისად სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს მცირე ზომის ნაწილებს და არ უნდა ძვრებოდეს ისინი...
სხვადასხვა ოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული 8 ტყლარწის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თითოეული ტყლარწი შეიცავს ბორის მიგრაციის დასაშვებ ნორმაზე მეტ ოდენობას, რომელიც თითოეულ შემთხვევაში 2-ჯერ, 10-ჯერ და 30-ჯერაც კი აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ბორი წარმოადგენს კარცეროგენურ, მუტაგენურ და ტოქსიკური რეპროდუქციის CMR ნივთიერებას, რომელიც იწვევს ბავშვის ორგანიზმის გამოუსწორებელ დაზიანებას, როგორიცაა სიმსივნე, მუტაცია ან რეპროდუქციული მოწამვლა. ეკონომიკურ ოპერატორებს დაევალათ აღნიშნული სათამაშოების გამოთხოვა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ზედამხედველობის სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შემოწმებას განაგრძობს, მანამდე კი მშობლებს ურჩევენ, ფრთხილად და ყურადღებით შეურჩიონ ბავშვებს მათთვის საყვარელი გასართობი საშუალებები. თუმცა, საკითხავია, უკვე რამდენმა ბავშვმა გამოიყენა მომწამლავი სათამაშოები და ვინ დაიცავს მათ სიცოცხლეს.
იხილეთ ასევე: