დღის თემა
etaloni.ge
როგორ მოვაწყოთ საბავშვო ბაღში ხელოვნების სივრცე - მარილიანი ცომი, თიხა, ხის ნაჭრები, წებო...
24.01.2023

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევის მიხედვით, ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის, ანუ იმისათვის, რომ ყველა სფერო თანაბრად და სრულყოფილად იყოს განვითარებული, მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს შესაბამისად მოწყობა. ფიზიკური გარემო უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ბავშვმა განივითაროს სენსომოტორული უნარები, შემეცნებითი უნარები, სოციალურ-ემოციური კომპეტენციები.

შერჩეული კურიკულუმიდან გამომდინარე, შეიძლება ჯგუფის ძირითადი ოთახის სივრცეებად, ცენტრებად დაყოფა ან დაწესებულებაში სხვადასხვა ტიპის საქმიანობისთვის ცალკე ოთახების გამოყოფა.

ჯგუფში მომუშავე უფროსებს ერთად შეხვედრის, გაზიარების, სხვადასხვა თემაზე მსჯელობის, ჯგუფურ სახალისო აქტივობებში ჩართვის საშუალება აქვთ.

როგორ მოვაწყოთ ხელოვნების სივრცე

ხელოვნების სივრცეში ბავშვებს საშუალება აქვთ, შემოქმედებითი აქტივობებით დაკავდნენ, ხატონ, ძერწონ. შემოქმედებითად მოსინჯონ სხვადასხვა სამხატვრო, ბუნებრივი, მეორადი მასალები.

საგანმანათლებლო რესურსის სახით საჭიროა სამხატვრო მასალები, ბუნებრივი მასალები, მეორადი მასალები. მასალები სახატავად - უბრალო და ფერადი ფანქრები, ნახშირი, ცვილის და ზეთოვანი პასტელი, ფერადი მარკერები, კალამი, ცარცი, სხვადასხვა ფაქტურისა და ფერის ქაღალდი, ცარცის დაფა, მუყაო და ა.შ.

ფერწერისთვის საჭიროა შემდეგი სახის მასალები: თითით სახატავი საღებავი, გუაში, აკვარელი, სხვადასხვა ზომის ფუნჯები და სახატავი ქაღალდი.

სამგანზომილებიანი ქანდაკებისთვის საჭიროა შემდეგი სახის მასალები: პლასტილინი, თიხა, მარილიანი ცომი, ხის ნაჭრები, წებო, ფაფუკი მავთულის ღეროები, რბილი მავთული, სკოჩი.

კოლაჟისთვის საჭიროა შემდეგი სახის მასალები: მშრალი წებო, ან წებო „ემულსია“, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქაღალდი, სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ქსოვილი, მუყაოს ნაჭრები, ძველი გაზეთები და ჟურნალები, ბაფთები, ტყავი, ბრჭყვიალები, სათევზაო ბადე, მაქმანები, ძველი ბიჟუტერია, ხის სამაგრები, საშლელი, ფაფუკი მავთულის ღეროები, ზონრები, ბისერი, მძივები, ხის ტოტები, ბაწარი, ძველი შპალერი, სხვადასხვა სახის მარცვლეული, ბურღულეული, ბინტი, მარლა, დაშლილი ხელსაწყოების პატარა ნაწილები, ყავის მარცვლები, კვერცხის ნაჭუჭი, საქსოვი ძაფები, გამხმარი ფოთლები და ყვავილები, გირჩები, რკო, ხის ტოტები, ხავსი, ნიჟარები, ღილები და სხვ.

იარაღები, რომელიც საჭიროა ხელოვნების სივრცისთვის: მაკრატელი, სტეპლერი, სახვრეტელა, სკოჩი, პლასტილინის ფორმები, ღრუბელი, საგორავებელი, სხვადასხვა ზომისა და ჯაგრისის მქონე ფუნჯი და ა.შ.

იხილეთ ასევე:

როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ჩაებით თამაშში - როგორ ვასწავლოთ პატარას პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება

როგორ უნდა მოიქცეს აღმზრდელ-პედაგოგი საბავშვო ბაღში აქტივობის განხორციელებისას - რეკომენდაციები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი